მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო": საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს

5dee34f93b972
BM.GE
09.12.19 15:49
1267
"საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა და გამოეხმაურა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას.


მისი შეფასებით, სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეებისგან ფული. მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ ლევან სურგულაძემ უნდა განუმარტოს საზოგადოებას მისი გადადგომის რეალური მიზეზები ან დაასახელოს თანამდებობის პირი, ვისგანაც მიიღო გადადგომის მითითება.

„ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, თუ სასწრაფოდ არ გაიმართა სააგენტოს მენეჯმენტი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა. სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.

ერთი წლის თავზე, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსა და უფროს საინვესტიციო ოფიცერს კვლავ არ შეუმუშავებია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რის გამოც ფონდში მობილიზებულ საპენსიო დანაზოგს ერიცხება სულ რაღაც 8.5 %, იმ ფონზე, როცა ინფლაციის მაჩვენებლმა უკვე 7 %-ს მიაღწია.

სამწუხაროდ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას "ქართული ოცნების" ხელში, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის’’ - განაცხადა ლელოს ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.