21.ნოემბერი .2019 21:55

"ლიბერთი ბანკი" - მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, ამას სებ-იც ადეკვატურად უნდა აყვეს

views 311
უკან

მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ბანკიც ადეკვატურად უნდა აყვეს,- ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე აცხადებს.

კითხვაზე, რატომ არ მოდის შესაბამისობაში მთავრობისა და სებ-ის პოლიტიკა და არსებობს თუ არა კომუნიკაციის პრობლემა, ბანკირი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, აქვთ თუ არა კონტაქტის პრობლემა გვენეტაძის უწყებასა და გახარიას მთავრობას, თუმცა, მთავარია, მხარეებმა შეჯერებულ პოზიციებზე დაყრდნობით თანმიმდევრული პოლიტიკა გაატარონ.

“ვხედავთ, რომ მთავრობა მოწოდებულია და მზადყოფნა არის, რომ უზრუნველყონ ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ ეროვნული ბანკის ქმედებებიც პრინციპულად თანხვედრაში უნდა იყოს მთავრობის ქმედებებთან, რომ შედეგი მივიღოთ. თუ ეროვნული ბანკი არ იმოქმედებს იგივე პრინციპებით, როგორც მთავრობა არის მოწადინებული, საეჭვოა, რომ შედეგები მივიღოთ.

მთავრობა რა მიმართულებითაც იყენებს თავის ძალისხმევას, იმას უნდა აუბას მხარი ეროვნულმა ბანკმა, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის კუთხით და სხვა კუთხითაც. არის სხვადასხვა ინსტრუმენტი ეროვნული ბანკის ხელში და მათი დროული გამოყენება მნიშვნელოვანია”,- აცხადებს ლევან თხელიძე.

კითხვაზე, დააგვიანა თუ არა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და სხვა ნაბიჯების გადადგმა ინფლაციის დასაჭერად, ლევან თხელიძე პასუხობს:

“შედეგებიდან გამომდინარე ალბათ დააგვიანა, თუმცა, ესეც ანალიზის საკითხია. ცალსახად რთულია ამის თქმა, რა მოხდა დროულად და რა - არა”,- აცხადებს ბანკირი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა