მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი ბანკი" გამჭვირვალე ტენდერის ჩატარებას მიესალმება", - ვასილ ხოდელი

6193b429ee303
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.21 17:34
746
“ლიბერთი ბანკი” გამჭვირვალე ტენდერის ჩატარებას მიესალმება"- ამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში "ლიბერთის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ახალი სატენდერო პირობების მომზადებას წლის ბოლომდე დაასრულებს და “ლიბერთი” მისთვის მისაღები პირობების შემთხვევაში ამ ტენდერში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

როგორც ვასილ ხოდელი განმარტავს, დღეს “ლიბერთი ბანკს” ობიექტურად აქვს ყველაზე ფართო ქსელი იმისთვის, რათა მოქალაქეთა სოციალური გასაცემლების და მათ შორის ასაკოვანი მოსახლეობის პენსიების გაცემის ოპერატორის ფუნქციის შესრულება განაგრძოს.

“ტენდერის გამოცხადების მოთხოვნა დავაყენეთ ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენც გვაქვს გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები არსებულ ჩარჩოსთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან. შესაბამისად ვთქვით, რომ ტენდერი უნდა ჩატარდეს, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და ვისაც აქვს ამ სერვისის ყველაზე კარგად და ხარისხიანად მიწოდების შესაძლებლობა, ის იყოს ახალი არჩევანი.

ჩვენ ველოდებით კომისიის მიერ დადებულ სატენდერო პირობებს. მიგვაჩნია, რომ ობიექტურად გვაქვს ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა და ყველა საჭირო პირობა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ ამ ფუნქციის შესრულება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა პირობებით გამოცხადდება ეს ტენდერი, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, თუ პირობები იქნება მისაღები.

პროცესი მიდის და მოლოდინი გვაქვს, რომ მინიმუმ წლის ბოლომდე პირობები ცნობილი გახდეს,”- ამბობს ვასილ ხოდელი.

სოციალური გასაცემლების საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მთავრობამ 28 ივლისს შექმნა. კომისიას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის მიზანია, პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლა, პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანალიზი. კომისია ასევე შეიმუშავებს შესაბამის საკონკურსო პირობებს მოსახლეობის სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფის საბანკო დაწესებულებების გამოსავლენად.

კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო მას შემდეგ, რაც პარლამენტში გაიმართა არაერთი მოსმენა პენსიის გაცემის წესის და კომერციული ბანკის საკრედიტო პროდუქტის - ე.წ. საპენსიო სესხის პირობებთან დაკავშირებით, სადაც როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. პარლამენტში გამოითქვა მსგავსი კრედიტების განაკვეთის შემცირების სხვადასხვა შესაძლო გზა, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია თუ რა გადაწყვეტილება ექნება ამ საკითხზე სპეციალურ უწყებათაშორის კომისიას. 

თავად “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის განცხადებით, აღნიშნული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი არის საბაზრო განაკვეთი და ის უკანასკნელი წლების განმავლობაში ყოველწლიურად მცირდება.

“იყო პერიოდი, როდესაც კონკრეტულად ამ ტიპის სესხი 110%-შიც გაიცემოდა და მე აბსოლუტურად მესმის ამ მხრივ ჩვენი მომხმარებლის.

მე მინდა განვაცხადო, რომ დღეისათვის ყველა პროდუქტი, რაც გაიცემა არის აბსოლუტურად საბაზრო პირობებში და კანონის დაცვით,”- ამბობს ვასილ ხოდელი.

თავად მთავრობის უწყებათაშორის კომისიაში ჩართვის სურვილი უკანასკნელ პერიოდში გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა "აფბამ" და "საზოგადოება და ბანკებმა", რომელთაც აღნიშნული სისტემა აქვთ შესწავლილი.