05.იანვარი .2022 19:20

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი რუხაძე მურთაზ კიკორიამ ჩაანაცვლა

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი რუხაძე მურთაზ კიკორიამ ჩაანაცვლა
views 3878
უკან

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებია. ირაკლი რუხაძემ, რომელსაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ეს პოსტი დატოვა და საბჭოს რიგითი წევრი გახდა, ხოლო ამ პოსტზე მურთაზ კიკორიამ გადაინაცვლა, რომელიც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 2019 წლის ივლისიდან ირიცხებოდა. 

ცვლილებები რეესტრში 2021 წლის 30 დეკემბერს აისახა. 

ცვლილებები სავარაუდოდ, განახლებულ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც სისტემური მნიშვნელობის ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სააქციო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების ყოფნას ზღუდავს, თავად ირაკლი რუხაძეს "ლიბერთის" სააქციო კაპიტალის 30.66% ეკუთვნის. 

ბანკის ძირითადი აქციონერები არიან:

ირაკლი რუხაძე - 30.66%;
ბენჯამენ მარსონი - 30.66%;
იგორ ალექსეევი - 30.66%.

ლიბერთი ბანკის განახლებული სამეთვალყურეო საბჭო ასე ნაწილდება:

თავმჯდომარე - მურთაზ კიკორია; წევრები - მამუკა წერეთელი, მაგდა მაღრაძე, ბექა გოგიჩაიშვილი, ირაკლი რუხაძე.

მურთაზ კიკორია 2016-დან 2018 წლამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2015-2016 წლებში „საქართველოს ბანკში“ იკავებდა გენერალური და ფინანსური დირექტორის პოზიციებს. 2009-2011 წლებში ეკავა ბგ ბანკის (უკრაინა) აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია.

2019 წლის დეკემბრიდან "ლიბერთი ბანკის" CEO-ს პოსტს ვასილ ხოდელი იკავებს.

"ლიბერთი ბანკის" აქტივები 2.9 მილიარდი ლარია, რითიც ის საბანკო სისტემაში მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა