მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი“ ე.წ. საპენსიო ტენდერში გამარჯვებაზე: უფასო ტენდერი რომ ყოფილიყო, ალბათ არ მივიღებდით მონაწილეობას“

628754cf8a874
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.22 13:11
1812
პენსიებს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც “ლიბერთი ბანკი” დაარიგებს. 105-მილიონიან ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი “ლიბერთი ბანკი” იყო და შესაბამისად, სახელმწიფო კონტრაქტს სწორედ მასთან გააფორმებს.

ტენდერში გამარჯვების შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელმა ვაჟა მენაბდემ ისაუბრა. ახალი პირობებით, პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ორი ძირითადი ცვლილება ამოქმედდება. მათგან პირველია - საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაფიქსირება, ხოლო მეორე - პენსიების დარიგების მომსახურებისთვის წელიწადში 15 მილიონი ლარის საფასურის დადგენა, რაც 7 წელზე 105 მილიონ ლარს შეადგენს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხის პროცენტი სპეციალური ფორმულით დაფიქსირდება. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან, რაც ამჟამად 10.8%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება.

ვაჟა მენაბდე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო პენსიების გაცემის მომსახურების ღირებულებას არ დაადგენდა, მაშინ ბანკი, სავარაუდოდ, უფასოდ პენსიების გაცემას აღარ გააგრძელებდა და ტენდერში მონაწილეობაზე უარს იტყოდა. 

"ჩვენ ბოლო 15 წელია, ისედაც ვასრულებდით ამ მომსახურებას და ისედაც ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდით. ველოდებით, რომ დღეს ოფიციალურად დასახელდება ბანკი, როგორც გამარჯვებული.

რაც შეეხება პირობებს, ორი ძირითადი ცვლილება შემოვიდა, ესაა საპროცენტო განაკვეთის ჭერი, რაც უნდა იყოს ნამატი 15% პლიუს ცვლადი ბანკთაშორისი განაკვეთი რაც ამჟამად 11%-მდეა, რითიც რეგულირდება რამდენ პროცენტში შეიძლება გაიცეს სესხი.

მეორე ცვლილებაა პენსიების გაცემის ფასი, რაც არის 105 მილიონი ლარი 7 წლის განმავლობაში - ეს არის 15 მილიონი ლარი წელიწადში. ეს არის დისტრიბუციის ფასი. მოგეხსენებათ აქამდე “ლიბერთი ბანკი” უფასოდ აკეთებდა ამ ყველაფერს. ადრე საკმაოდ ძვირს იხდიდა ბიუჯეტი, შემდეგ კი უფასო გახდა. ცვლილება სწორედ ამ ორ კომპონენტს შეეხო და ვფიქრობთ სწორია - არ შეიძლება ამხელა ტენდერი აკეთო უფასოდ. ტენდერი ეხება არა სესხების გაცემას, არამედ არეგულირებს სოციალური სარგოს და სხვა გასაცემლების გაცემას და ეს მომსახურება ფული ჯდება და ფასის კომპონენტი დაბრუნდა და კარგია, რომ დაბრუნდა, რადგან უფასო ტენდერის პირობებში, ჩვენ ალბათ აღარ მივიღებდით მონაწილეობას", - ამბობს ვაჟა მენაბდე. 

საპენსიო სესხების გაცემის ტენდერის მიმდინარეობის პროცესში ეროვნულმა ბანკმა გაამარტივა დარეზერვების კრიტერიუმები უშუალოდ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებთან მიმართებით. ვაჟა მენაბდე აცხადებს, რომ სებ-ის მხრიდან ამ ნაბიჯს დამატებით პოზიტიური გავლენა ექნება ამ მიმართულებით დაკრედიტებაზე, რადგანაც ის ბანკისთვის ფინანსურ წნეხს ამცირებს.

"გარკვეულწილად ითამაშა როლი და ძალიან კარგი იყო, რომ ეს გამოცხადდა ტენდერამდე, როდესაც თამაშის წესები ცნობილია, მათ შორის ჩვენი კონკურენტებისთვისაც ცნობილი იყო. ეს ცვლილება ბევრად აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, ეს წმინდა საბანკო რეგულაციაა და უშუალოდ მომხმარებელი ვერ იგრძნობს, თუმცა როლი ითამაშა და რეალურად კაპიტალზე წნეხი შეამცირა და ამ გადაწყვეტილებით შეწონვის წილი შემცირდა და მცირედით გაიზარდა ბანკის მომგებიანობა ამ მიმართულებით. უფრო ადვილი იყო დაკლებული განაკვეთით გადაწყვეტილების მიღება ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ", - აცხადებს ვაჟა მენაბდე.