24.ივნისი .2021 13:25

"ლიბერთის“ გენერალური დირექტორი: ანტისაბანკო ნარატივი სახელმწიფოს არ გამოადგება

"ლიბერთის“ გენერალური დირექტორი: ანტისაბანკო ნარატივი სახელმწიფოს არ გამოადგება
views 609
უკან

„ანტისაბანკო ნარატივი და წნეხი კომერციულ სექტორზე სახელმწიფო პოლიტიკის მხრიდან არ არის ის, რაც სახელმწიფოს გამოადგება“, - ამის შესახებ „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ის გამოეხმაურა ბოლო დროს საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს და კრიტიკას და განაცხადა, რომ „პოლიტიკა მათი საქმე არ არის, ეს საკითხი კი პოლიტიკურ ციებ-ცხელებაშია მოხვედრილი“.

„ლიბერთი ბანკი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, იღებს რეპუტაციულ ზიანს და ეს არ არის მისაღები ამ ორგანიზაციისთვის. 5000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს კომპანიაში, მათ უკან დგანან ოჯახები. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა მისაღები არ არის. სამწუხაროდ, მოვყევით წინასაარჩევნო ციებ-ცხელების პერიოდში და როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ კონტრაქტის საკითხი, უახლოეს მომავალში ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას, თუ რა გაკეთდა „ლიბერთიში“ ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ.

ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის და პირიქით, ანტისაბანკო ნარატივი და პლიუს წნეხი კომერციულ სექტორზე სახელმწიფო პოლიტიკიდან არ არის ის, რაც სახელმწიფოს გამოადგება“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

ამასთან, ვასილ ხოდელის თქმით, „ლიბერთი“ და განსაკუთრებით მისი ახალი გუნდი თვლიან, რომ მომხმარებლის ინტერესების დაცვა უნდა მიმდინარეობდეს ყოველთვის და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში.

„ჩვენ გვგონია, რომ ამ ტიპის განხილვები უნდა ხდებოდეს საქმიანად და არა პოლიტიკური მღელვარების ფონზე. ჩვენ ვართ ბანკი, კომერციული ორგანიზაცია, კომპანია, რომელიც ზრუნავს და  ყოველთვის იზრუნებს მომხმარებელზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას, ჩვენ დათმობებზე კი არ წავედით, არსებული კონტრაქტის ფარგლებშითავის დროზე ჩვენი ინიციატივით, თუმცა მთავრობასთან თანამშრომლობით გავაუმჯობესეთ პირობები, კერძოდ, სესხის განაკვეთი 100%-მდე იყო და დღეს არის 30,5%.

მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ახალი ტენდერის გამოცხადება, ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ, დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, ტენდერი ჩატარდეს გამჭვირვალედ, ხოლო თუ ჩვენი როლი იქნება რამე, რასაც შევძლებთ პროცესს დავეხმარებით. მომხმარებელზე ზრუნვას გავაგრძელებთ იმის მიუხედავად, როგორ დასრულდება ტენდერი“, - აღნიშნა მან.

"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა