16.აპრილი .2021 14:05

"ლიბერთისა" და "ნიუ ვიჟენის" პარტნიორობა - აგროდაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

"ლიბერთისა" და "ნიუ ვიჟენის" პარტნიორობა - აგროდაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
views 207
უკან

დღეს "ლიბერთი ბანკსა" და "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბანკში ერთი ვიზიტით როგორც "ლიბერთის", ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სასურველი მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს. აგროდაზღვევის შეძენა "ლიბერთის" ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

“ნიუ ვიჟენ დაზღვევა სადაზღვევო ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევს ბაზრის სხვა მოთამაშეებს როგორც კორპორაციულ, ასევე საცალო დაზღვევის მიმართულებით. აგროდაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. გასული წლის განმავლობაში ჩვენ მოვიცავით ბაზრის 10%, გავაფართოეთ სააგენტო ქსელი, დავხვეწეთ პროდუქტის შეძენის სიმარტივე და დავფარეთ მთელი საქართველო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებად გვყავდეს ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნის მექანიზმები. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს "ლიბერთი ბანკთან". პარტნიორობის ფარგლებში, ის ფერმერები, რომლებიც შეიძენენ "ნიუ ვიჟენის" აგროდაზღვევას, ასევე შეძლებენ, ისარგებლონ "ლიბერთი ბანკის" უპროცენტო განვადებით. პროცენტის დაფარვის ვალდებულებას კი ჩვენი კომპანია აიღებს საკუთარ თავზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ერთად შევთავაზებთ ფერმერებს მაქსიმალურად მარტივ, ხელმისაწვდომ და სასარგებლო პროდუქტს”, - განაცხადა "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ.

„მოხარული ვართ "ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან" თანამშრომლობის დაწყებით. პარტნიორობას პირველ ეტაპზე ვიწყებთ აგროდაზღვევით, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრომიმართულების განვითარებისთვის - ფერმერს საშუალება ეძლევა, დააზღვიოს საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან და დაიცვას რისკებისგან საკუთარი შემოსავლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ზოგადად აგროდაზღვევის ცნობადობა და ამასთანავე, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სასარგებლო სერვისები ჩვენი მომხმარებელი ფერმერებისთვის. ახალი პროექტი გვაძლევს საშუალებას, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით“,  - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

(NS)