მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთის" ხელმძღვანელობას პირადად შევხვდი - ღარიბაშვილი

6107a8aaa4d3c
ინგა მურუსიძე
02.08.21 12:19
1345
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საპენსიო სესხებთან და მათ პროცენტებთან დაკავშირებით „ლიბერთის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.

პრემიერმა განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა და განმარტა, რომ შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ საკითხზე კომისიის ფარგლებში გაგრძელდება შეხვედრა.

„ჩვენს მოსახლეობას, პენსიონერებს, ძალიან აწუხებს მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხი. ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, საუბარი გვქონდა, მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება მე გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან პარლამენტის წევრებიც, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები.

„2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120% შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის დაახლოებით 35 %, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საპენსიო გასაცემლის მიმართულებით 2022 წელს სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. როგორც ცნობილია, მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთვება, ბანკებს კი ტენდერის მოსამზადებლად ერთწლიანი პერიოდი მიეცემათ.