მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლილო მოლი": თებერვალი "მკვდარი" თვეა, თუმცა მთავარია, ღია ვართ

602b9396740cf
ინგა მურუსიძე
16.02.21 14:20
1222
8 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნა, თუმცა შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ აქვთ. გარდა ამისა, ბაზრობების მოვაჭრეებს ვალდებულება აქვთ პერიოდული ტესტირება ჩაიტარონ კორონავირუსზე. "ბაზრობებზე დისტანციის დაცვა გაცილებით რთულია", - თქვა გუშინ შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და იქვე დასძინა, რომ ბაზრობებზე დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება, რის გამოც ბაზრობების მენეჯმენტს უკვე ესაუბრნენ.

დისტანციის დაცვასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე და ზოგადად, ბაზრობების ამუშავების პირველი დღეების ეფექტზე bm.ge „ლილო მოლის“ დირექტორ გიორგი კვარაცხელიას ესაუბრა. ის ირწმუნება, რომ ლილოს ბაზრობაზე ყველა ნორმა დაცულია და შრომის ინსპექციას მათთან განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს.

„ჩვენთან ყველა ნორმა დაცულია, რა მოთხოვნები და შენიშვნებიც ჰქონდათ, ყველაფერი გათვალისწინებული და გამოსწორებულია. შენიშვნები იყო პირბადეების ტარებაზე, ასევე, მეტი კონტროლის გაწევაზე სხვადასხვა საკითხებზე - ყველა მოთხოვნას ვასრულებთ. ვფიქრობ, დისტანციის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები არის პატარა, დახურული ტიპის ბაზრობებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში და ა.შ. ჩვენთან მსგავსი პრობლემა არ დგას, თან პერიოდიც ასეთია, ხალხის ნაკლებობაა, ამიტომ სრული სიმშვიდე გვაქვს“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება ბაზრობის თანამშრომლების და მოვაჭრეების პერიოდულ, სავალდებულო ტესტირებებს, „ლილო მოლის“ დირექტორის ინფორმაციით, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ დროისთვის არც ერთ თანამშრომელს ვირუსი არ დადასტურებია.

„ტესტირებების პირველი ეტაპი უკვე ჩავატარეთ, გაიტესტა თანამშრომელთა 20%; მეორე ეტაპიც მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება პროცესი. ინფიცირებული არავინ აღმოჩნდა და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება“, - განმარტავს ის.

რაც შეეხება ბაზრობის გახსნის შემდეგ მოქალაქეების აქტივობას, გიორგი კვარაცხელიას თქმით, ამ ეტაპზე ხალხის სიმცირეა, თუმცა თებერვალში ეს ბუნებრივია.

„მხოლოდ ერთი დღე დაგვემთხვა, როცა მშობლების სკოლებში სასწავლო პროცესის ფიზიკური განახლებისთვის ემზადებოდნენ და ასევე, დაგვემთხვა ვალენტინობა - ამ დღეებში მოქალაქეების ნაკადმა მცირედით მოიმატა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი. თებერვალი-მარტი, ზოგადად, „მკვდარი თვეებია“, - დასძინა მან.

გიორგი კვარაცხელიას თქმით, ამ ეტაპზე არანაირი ზარალის ან მიუღებელი შემოსავლის დათვლა არ მიმდინარეობს, რადგან ის ძალიან დიდია და როგორც "ლილოს" ადმინისტრაცია, ისე მოვაჭრეებიც მიყვებიან პროცესს და დაიწყებენ ვალდებულებების დაფარვას.

„ჩვენთვის პრობლემაა გადაადგილების შეზღუდვა. მაგალითად, ადამიანები ჩვენთან მოდიოდნენ ადრე, იტვირთებოდნენ და მიდიოდნენ ბათუმში. ახლა უკვე პრობლემაა ჩასწრება, რომ კომენდანტის საათმა არ მოუსწროს გზაში. შეზღუდვები პრობლემაა, თუმცა მთავარია, რომ გახსნილები ვართ. ახლა მთავარია, ჯანმრთელობის შენარჩუნება და სხვა ბიზნესების გახსნა, რაც ალბათ ეტაპობრივად მოხდება; როცა რესტორნები იმუშავებენ და სხვა ბიზნესებიც, ჩვენც ავმუშავდებით. პრობლემემები არის, თუმცა გაჩერებას ყველაფერი სჯობს, ეს კატასტროფაა“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

კიდევ ერთი თემა, რაზეც "ლილო მოლის" დირექტორს ვესაუბრეთ, მოიჯარეების ვალდებულებია. კერძოდ, დავინტერესდით, აქვს თუ არა ბაზრობის ადმინისტრაციას ამ კუთხით რაიმე სახის შეთანხმება მოვაჭრეებთან ან უწევს თუ არა გარკვეულ შეღავათს, რაზეც გიორგი კვარაცხელიამ თქვა, რომ „ყველაფერი შეთანხმებულად ხდება". "ურთიერთობაში რაიმე პრობლემები არ დგას. როგორც ჩვენ არ ვვარგივართ მეწარმეების გარეშე, ისე ისინიც ვერ იმუშავებენ ჩვენს გარეშე, ამიტომ ჯერჯერობით რაიმე გაურკვევლობა არ გვაქვს, ყოველთვის არსებობს ის შეღავათი, რაც მოვაჭრეებს სჭირდებათ“, - დასძინა მან.