მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლურჯი“ ფინანსების ტალღა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

62e79099b9c77
BM.GE
02.08.22 09:45
2521
BMG გთავაზობთ ევროპაში რეგიონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საფინანსო ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელ ვიტორიო დი ბელოს ბლოგს.

COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის პარალელურად, კლიმატის ცვლილებაზე ყურადღების გამახვილება მსოფლიოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებაზე გამოყოფილი ე.წ. „მწვანე“ დაფინანსება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუმცა ახლა ძალისხმევა ძირითადად კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გაფართოების დაფინანსებისკენ, განსაკუთრებით კი ე.წ. „ლურჯი“ აქტივებისკენაა მიმართული. იმის გათვალისწინებით, რომ ოკეანეებთან და წყლის რესურსებთან დაკავშირებული ეკონომიკის მოცულობა 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, 3 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, ინოვაციური დაფინანსების ისეთ საშუალებას, მაგალითად როგორიცაა „ლურჯი“ დაფინანსება, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ინვესტორების, საფინანსო ინსტიტუტების და ფასიანი ქაღალდების გამომშვებების მხრიდან გლობალური ინტერესის ზრდის პირობებში „ლურჯი“ დაფინანსება აქტიურად ვითარდება. ამ ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში ინვესტიციები გამოიყენება ისეთი აქტივობების დასაფინანსებლად ან რეფინანსირებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკეანეების დაცვას ან წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას. კერძოდ, "ლურჯი“ ობლიგაციები და "ლურჯი“ სესხები მიზნად ისახავს ექსკლუზიურად ოკეანის და სუფთა წყლის რესურსების დაცვაზე მიმართული პროექტების დაფინანსებას.

აზია, რომელზეც მსოფლიოში პლასტმასის საზღვაო ნარჩენების 80 პროცენტზე მეტი მოდის, "ლურჯი“ ეკონომიკის განვითარების პროცესში მოწინავე პოზიციაზეა. ამ რეგიონში კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ პლასტმასის გადამუშავებისა და ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაფართოებაზე, საზღვაო და სანაპირო რესურსების მდგრად გამოყენებაზე, ნაგავსაყრელებიდან და ოკეანეებიდან აღნიშნული ნარჩენების გატანაზე, ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასა და სუფთა წყლის რესურსების შენარჩუნებაზე.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში „ლურჯი“ ეკონომიკა განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ შესაძლებლობა უხვადაა. რეგიონის კონტექსტში მთავარია ყურადღების მიმართვა ოკეანის ტრადიციული სექტორების (მაგალითად, თევზჭერის) მიღმა და ინვესტიციების დაჩქარება ხმელეთზე და წყალთან დაკავშირებულ სფეროებში. ისეთი დარგები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მდინარეების დაბინძურება და პლასტმასის მართვა ხმელეთზე, დიდ გავლენას ახდენდნენ წყლის რესურსებზე და ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების სისუფთავეზე.

რამდენადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ეკონომიკის აღდგენას ისახავს მიზნად,"ლურჯი“ ეკოსისტემის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია კაპიტალის მოზიდვა „ლურჯ“ პროექტებზე ბიზნეს-სესხების გასაცემად. იმ სფეროების ჩამონათვალი, რომლის მხარდაჭერაც შესაძლებელია „ლურჯი“ დაფინანსებით, მოიცავს წყლის კონსერვაციას, წყლის რესურსების მართვას, "ჭკვიან" წვეთოვანი ირიგაციას, აკვაკულტურასა და ზღვის პროდუქტების გადამუშავებას.

რუმინეთი ამ თვალსაზრისით რეგიონში გამორჩეული მაგალითია. წყალმომარაგების და ჩამდინარე წყლების სექტორებთან დაკავშირებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიზნით ქვეყანა 2027 წლისთვის დაახლოებით 15 მლრდ ევროს ინვესტირებას გეგმავს. აქედან მინიმუმ 3 მილიარდი ევროს მოზიდვა შესაძლებელია კერძო სექტორიდან. წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების და გვალვის მიმართ მაღალი მოწყვლადობის გამო, რუმინეთს ძალიან სჭირდება „ლურჯი“ დაფინანსება. ამიტომაც ეს სფერო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება - მათ შორისაა შინამეურნეობებისთვის წყალმომარაგების რეაბილიტაციის ღონისძიებები და ჰიდროპონური ურბანული სოფლის მეურნეობა.

ასეთი საჭიროებები ბანკებისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წყალთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობა განვითარებად ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. მაგალითად, ევროკომისიის ახალი სტრატეგია მდგრადი საფეიქრო წარმოებისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, წყლის მოხმარების საკითხსაც ეხება. ამ კონტექსტში, კლიენტების დახმარება პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში ბანკებს მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის შენარჩუნების და ზრდის საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, რეგიონში წყლის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (მომარაგება და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება) მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს, რაც ადგილობრივი ბანკებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის შესაძლებლობაა, მაგალითად საჯარო და კერძო სექტორის მცირემასშტაბიანი პარტნიორობით.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ე.წ. "ლურჯი" ტრანსფორმაცია უკვე დაწყებულია. რუმინეთის უმსხვილესმა ბანკმა Banca Transilvania SA -მ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) ახლახან წყლის მდგრადი მოხმარების მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს სესხი მიიღო. აღნიშნული პროექტი ევროპაში საფინანსო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პირველი „ლურჯი“ ინვესტიციაა. ეს სესხი ბანკს საშუალებას მისცემს, მცირე მეწარმეები „ლურჯი“ პროექტების განხორციელების მიზნით დააფინანსოს.

„ლურჯი“ ეკონომიკის ტალღა

ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა, რომ რეგიონის ფინანსურმა ინსტიტუტებმა კარგად გააცნობიერონ თავიანთი როლი, რათა კლიენტების მხარდაჭერა შეძლონ. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სახმელეთო დარგებისთვის დაფინანსების მობილიზების მიზნით აუცილებელია კომპანიებთან და კომერციულ პარტნიორებთან დიალოგის დაწყება. ბანკებმა ასევე უნდა გააცნობიერონ დაფინანსების თვალსაზრისით კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები, ისევე როგორც დაფინანსების სტრუქტურიზების მნიშვნელობა, „ლურჯი“ ფინანსების ახლახან შემუშავებული საერთაშორისო მითითებების შესასრულებლად.

გამოწვევების მიუხედავად, ბანკებმა უნდა გამოიყენონ ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები. კლიენტებისთვის „ლურჯი“ ინვესტიციების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვს და ის ბანკები, რომლებიც პირველები იქნებიან ამ მიმართულებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას შეძლებენ. დროთა განმავლობაში, კომპეტენციის ამაღლების პარალელურად, როგორც ბაზარს, ასევე მარეგულირებლებს უფრო მეტი ნდობა ექნებათ ამ სექტორის მიმართ.

მომავლის პერსპექტივა

ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო კერძო სექტორის ინვესტიციების პოტენციალი „ლურჯ“ დაფინანსებაში (რაც ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეიძლება დააფინანსონ) დაახლოებით 11-16 მლრდ. ევროს მიაღწევს ხუთ ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: რუმინეთი, ხორვატია, პოლონეთი, სერბეთი და საქართველო. აღნიშნული გულისხმობს მხოლოდ მუნიციპალურ და სამრეწველო შესაძლებლობებს, და არ მოიცავს სახელმწიფოს მიერ მართვად ძირითად ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს.

ამ პოტენციალის გამოყენება და "ლურჯი" ინვესტიციების გაზრდა მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის. კერძო სექტორის მიერ ახალი სამრეწველო შესაძლებლობების შექმნის დაჩქარების პარალელურად, აღნიშნული საფუძველს შექმნის სასურსათო უსაფრთხოების, სამუშაო ადგილების და ნახშირბადის ემისიის ნულოვან დონეზე შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველსაყოფად.