16.მაისი .2021 00:10

"ლურჯი მოცვის ახალი ჯიშების საქართველოში შემოტანა მნიშვნელოვანია" - მეწარმე

"ლურჯი მოცვის ახალი ჯიშების საქართველოში შემოტანა მნიშვნელოვანია" - მეწარმე
views 340
უკან

მოცვის ახალი ჯიშების საქართველოში შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია GeorgianBlue-ის გენერალურმა დირექტორმა რატი მორჩილაძემ გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა. მორჩილაძის თქმით, მოცვის ბაზარი ნელნელა იმ მდგომარეობამდე მიდის, რომ კონკურენცია ხარისხის, გემოების მიხედვით იქნება.

„აქამდე თუ დეფიციტი იყო და მოთხოვნა ძალიან უსწრებდა მიწოდებას, ახლა უკვე კონკურენცია ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე იქმნება, ამიტომ ახალი ჯიშების შემოტანა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. პლანტაციების უმეტესობა მოძველებულ ჯიშებს აშენებს, რაც მესმის რატომაც. იმიტომ რომ დანახარჯები ნაკლებია, მოცვს ისიც ისხამს და ისიც გემრიელია. თუმცა, ჩვენ მივხვდით რომ სამომავლოდ მოცვის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი ჯიშები შემოგვეტანა. გაშენების ტექნოლოგიას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ტექნოლოგია გამოვიყენეთ, რაც ნაკვეთის მოწყობის პროცესში თანამედროვე ევროპული და ამერიკული პრაქტიკის გამოყენებას გულისხმობს“, - განაცხადა მან.

GeorgianBlue-მ 2020 წელს დაახლოებით 12 მლნ ლარად ლურჯი მოცვის პლანტაციები იყიდა, თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, იქიდან მხოლოდ 32 ჰექტარის გადარჩენა მოახერხეს. წელს კი დამატებით ოთხი ჰექტარი პლანტაციის გაშენებაში დაახლოებით ორი მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელეს. აღნიშნული თანხის ნაწილი ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიიმართა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს კომპანიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პორცესი მიმდინარეობს, ერთი - არსებული 32 ჰექტარის რეაბილიტაცია და იმ მსხმოიარობამდე მიყვანა, რაც წესით ამ პლანტაციას უნდა ჰქონდეს სწორი მოვლის პირობებში; და მეორე - განვითარებაზე ფიქრი. წელს ჩვენ დამატებით ოთხ ჰექტარზე გავაშენეთ პლანტაცია, რამაც ჯამში 36 ჰექტრამდე აგვიყვანა. ეს ოთხი ჰექტარი კი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით გავაშენეთ, რაც უახლესი ჯიშების შემოტანასაც გულისხმობს“, - განაცხადა GeorgianBlue-ის გენდირექტორმა.

ცნობისთვის, ლურჯი მოცვის მოყვანა საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. როგორც რატი მორჩილაძე ამბობს, ეს კულტურა ქვეყანაში დაახლოებით 15 წლის წინ შემოვიდა და თავიც დაიმკვიდრა. დღეს ლურჯი მოცვი საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა