მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს, რომელმაც ზეწოლისა და მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს"

640790dc08ba9
BM.GE
07.03.23 23:24
639
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყველა იმ დეპუტატს, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მადლობა გადაუხადა. 

Bm.ge კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ყველა პარლამენტარს, რომელმაც ზეწოლისა და მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს.

როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის მიმართ რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია. თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროეტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ. გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა , საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე და ამის შეზღუდვაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების გაჩერებაზე, საუბარი იყო სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე , რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ეს ყველაფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე , რაც მარტივად დასტურდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით, თუმცა თქვენ ხედავთ რომ არავინ ინტერესდებოდა რეალურად ამ კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული სიცრუეზე აგებული კამპანია, იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ბუნებრივია საზოგადოებას.

სინამდვილეში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა. ეს არის ერთადერთი საკითხი რაც წესრიგდება ამ კანონპროექტით . ქართული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში. ეს არის ერთადერთი რამ , რასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.

ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესებშია იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტებას, მაგალითად აგინებენ ეკლესიას, ვისი დაფინანსებით აყალბებენ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მე მგონი საზოგადოებისთვის საინტერესოა ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები , მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა მაშინვე ამას ბუნებრივია ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა , რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, ეკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა.

ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას.

ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო, კანონპროექტის შესახებ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ.

კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში.

ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.

დასასრულს, მინდა გაცნობოთ, რომ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.

დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია , თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენს მიერ, სინამდვილეში მინიმუმ 3 თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას , ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს.

ასევე მინდა მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას სიმშვიდისკენ , ჩვენ ვხედავთ რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან , იქ არის რა თქმა უნდა გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ , არის სერიოზული ფიზიკური დაზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში ,რა თქმა უნდა , ნებისმიერი კანონდამრღვევი , კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. და ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების , არა მარტო ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ბუნებრივია ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები , რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი .

მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას , რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მომავალში მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება", -თქვა კობახიძემ.

ვინ (არ) დაუჭირა მხარი აგენტების შესახებ რუსულ კანონს - დეპუტატების სია