მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მამისეული მარანი" საფრანგეთის შემდეგ, ღვინის გატანას ინგლისში გეგმავს

62a8a3ed2d6cf
მარიამ იზორია
18.06.22 20:04
1086
ბოლნისში მდებარე მცირე საოჯახო მეღვინეობა “მამისეული მარანი” ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.

როგორც bm.ge-სთან „მამისეული მარნის“ დამფუძნებელი თამარ მოსიაშვილი ამბობს, მეღვინეობამ პირველი ექსპორტი, უკვე განახორციელა და 500 ბოთლი თავკვერი საფრანგეთში გაიტანა.

მისივე თქმით, მცირე მარნის ღვინოებზე ინტერესი მზარდია და კომპანია მიმდინარე ზაფხულს ექსპორტს ინგლისის მიმართულებითაც გეგმავს.

„ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ღვინის მაღაზიასა და რესტორანში შევდივართ. პირველი ექსპორტი - 500 ბოთლი თავკვერის ექსპორტი საფრანგეთის მიმართულებით განვახორციელეთ. ახლაც რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს, მიმდინარე წლის ზაფხულს ღვინოს ინგლისში გავიტანთ. ექსპორტი მცირე მარნისთვის სტაბილურობის გარანტია, რადგან პანდემიის დროს როგორც აღმოჩნდა, სრულად ტურიზმზე დამოკიდებულება რისკის შემცველია. შესაბამისად, რამდენიმე სტაბილური პარტნიორი, რომელიც ქართულ ღვინოს ექსპორტზე გაიტანს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ვიზრუნოთ, შევინარჩუნოთ ხარისხი, რადგან ჩვენი პროდუქტი მაღალ და პრემიუმ ხარისხთან ასოცირდებოდეს“, - ამბობს მეღვინე თამარ მოსიაშვილი.

"მამისეული მარნის" წლიური წარმადობა 2 000 ბოთლი ღვინოა. კომპანიის ვენახები ბოლნისში, სოფელ ხატისოფელში მდებარეობს. მცირე მარანი ძირითადად ველურ რქაწითელზე და თავკვერის ჯიშებზე მუშაობს.