02.მაისი .2020 16:10

"მარნეულსა და ბოლნისში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი მეტად უნდა გაძლიერდეს, მარტო ჩვენ ვერ ვეყოფით"

views 437
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვლის, რომ მარნეულსა და ბოლნისში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი მეტად გასაძლიერებელია, მათ შორის პროცესებში უნდა ჩაერთოს ლიდერები, რათა ადგილობრივები გამოკვლევების ჩატარებაში დაარწმუნონ. ამის შესახებ მან მარნეულში შეხვედრისას განაცხადა და თქვა ისიც, რომ შესაძლოა, მარნეულში „ჯეოჰოსპიტალის“ ან „ავერსის“ კლინიკების ბაზაზე ლაბორატორია მოეწყოს, სადაც კორონავირუსზე კვლევები ჩატარდება.

„მე ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან. ამიტომ როგორმე უნდა მოვახერხოთ ამ პროცესში ლიდერების ცოტა მეტად ჩართვა, რომ ეს ხალხი დაარწმუნონ, პირველ რიგში, თერმოსკრინინგზე და მერე აქტიურ გამოკვლევაზე. მე იმასაც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ მარნეულშივე ავაწყოთ ლაბორატორია. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ ან „ჯეოჰოსპიტალის“ ან „ავერსის“ ბაზაზე მოეწყოს.

ალბათ, ხვალ მინისტრთან მექნება იმაზე საუბარი, რომ რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი ცოტა მეტად უნდა გაძლიერდეს, მარტო ჩვენ ვერ ვეყოფით ამ პროცესებს. თითოეულ მერთან უნდა იყოს ვინმე მარჯვენა ხელი, რომელიც რაიონებში მთელ ამ სამედიცინო პროცესებს მართავს. მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამას ვერ მოაგვარებს. უკვე რამდენჯერმე დავსვი ეს საკითხი და ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერთან ვიტყვი, რომ ძლიერი სამედიცინო ვერტიკალია საჭირო"- განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

ის თვლის, რომ უკანასკნელ პერიოდში მარნეულში კონტროლი შესუსტდა. შესაბამისად საჭიროდ მიიჩნევს, სოფლის რწმუნებულმა, რელიგიურმა ლიდერმა და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა თითოეულ სოფელში მოსახელობის დარწმუნებაზე იმუშაოს. 

„მარნეულში კარგად დავიწყეთ ჩვენ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. თითოეულ სოფელზე უნდა იყოს სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, ვისაც ენდობა ეს ხალხი, რომ არც ერთი ცხელება არ გამოგვეპაროს სოფელში. ამ პერიოდში ხველებით, სუნთქვის გაძნელებით ადამიანები სწრაფად უნდა იყვნენ გადმოყვანილები ცხელების ცენტრში გამოკვლევებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა