მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მასკის ქმედების პროგნოზირება რთულია, თუმცა ჩვენ პირობის ერთგულნი ვართ" - Binance-ი Twitter-ის დაფინანსებაზე

63637213c1233
გიორგი თოლორდავა
03.11.22 12:08
915
ლისაბონის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ ილონ მასკთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა.

ჟაოს თქმით, მასკის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ურთულესია და Binance-ის წარმომადგენლობისთვის ბოლო წუთამდე უცნობი იყო, საბოლოოდ რას გადაწყვეტდა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე - 44 მილიარდ დოლარად შეიძენდა თუ არა ის სოციალურ ქსელ Twitter-ს.

"თავდაპირველად მხარეებს შორის შეთანხმება იყო, შემდეგ ის ჩაიშალა, სასამართლო დავა დაიწყო, ამის შემდეგ შეთანხმება ისევ აღდგა. ჩვენთვის ბოლო წუთამდე გაუგებარი იყო, საბოლოოდ რას გადაწყვეტდა მასკი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ჩვენი პირობის ერთგულნი ვრჩებით", - განაცხადა Binance-ის ხელმძღვანელმა.

პირობა, რომელზეც ჟაო საუბრობს Binance-ის მიერ მასკის გეგმის 500 მილიონი დოლარით დაფინანსებას უკავშირდება. როგორც ირკვევა, იმ საფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მასკისთვის თანხებს გამოყოფენ, კრიპტობირჟა Binance-იცაა.

ჟაოს განმარტებით, Binance-ი Twitter-ის ახალ ინვესტორთა შორისაა, ამ სიაშია კატარის საინვესტიციო ფონდი, საუდის არაბეთის პრინცი და თავად Twitter-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეკ დორსიც.

მასკის მიმართ ჟაოს პოზიტიური დამოკიდებულება საკმაოდ მარტივი მიზეზითაა განპირობებული - ილონ მასკი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი მეწარმე იყო, რომელმაც კრიპტოაქტივებში ინვესტირება გადაწყვიტა და კომპანია Tesla-ს საშუალებით 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მასკი ბიტკოინს, ეთერიუმსა და დოჯკოინს პირად საინვესტიციო პორტფელშიც ფლობს, თუმცა აღნიშნული ინვესტიციის ზუსტი მოცულობა ცნობილი არ არის.

მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

13 მილიარდ დოლარი - ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც მასკი ბანკებისგან ვალის სახით აიღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.