მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცურავი აქციზი" - როგორ შეიძლება შემცირდეს ფასი საწვავზე?

61fd233984280
მარიამ ვარადაშვილი
04.02.22 18:13
1105
გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე რეკორდულად მაღალი ფასის გამო საქართველოში, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, საწვავზე ფასი ბოლო პერიოდში ძირითადად იზრდება. რადგან საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, ქართველი ნავთობიმპორტიორები საცალო ქსელებში საწვავზე ფასის მორიგ ზრდას აანონსებენ. "ვისოლის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თებერვალში ნავთობპროდუქტები დაახლოებით 20-25 თეთრით კიდევ გაძვირდება.

არსებულ ვითარებაში ერთადერთი მექანიზმი, რომელიც საწვავზე ფასის ზრდას შეაჩერებს მცურავი აქციზის შემოღებაა. ვასილ ხორავა ამბობს, რომ ეს საწვავზე ფასს შეამცირებს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ფისკალური ეფექტიდან გამომდინარე უღირს თუ არა ამაზე წავიდეს.

“მივესამებით ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტებაზე ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ხელში გადასახადების ბერკეტია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მოხდეს ფასის შემცირება. თუმცა სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რამდენად აქვს მას იმის საშუალება, რომ უარი თქვას იმ გადასახადებზე როგორებიცაა აქციზი ან დღგ. ყოველთვის მივესალმებით ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ბაზარზე დაფიქსირდეს უფრო დაბალი ნიშნული და გამოყენებული იქნას ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს”,-ამბობს ხორავა.

როგორც ის განმარტავს მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება ე.წ მცურავი აქციზის მეთოდი, რაც გულისხმობს აქციზის გადასახადის შემცირებას ნავთობზე ფასის ზრდის დროს, ხოლო ზრდას თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის შემცირება დაფიქსირდება.

“ნებისმიერ გადასახადზე უარის თქმა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ფისკალურ პრობლემას გამოიწვევს. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მცურავი აქციზური გადასახადი. ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია და მათი კეთილი ნებაა. თუ ამის საშუალება იქნება, პრინციპში ბიზნესი მიესალმება გადასახადის შემცირებას”,-ამბობს ხორავა.

საქართველოში ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.12 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 48 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 86 თეთრია და მის გარეშე ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი 2.27 ლარი ეღირებოდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 543 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ნავთობპროდუქტების დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით 640 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, გასულ წელს ავტომფლობელებმა და ბიზნესებმა მთავრობას საწვავის აქციზით და დღგ-ით 1,160,000,000 ლარი გადაუხადეს. ეს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 10% იყო.


რამდენი ლარი ეღირება საწვავი დღგ-ს და აქციზის გადასახადის გარეშე