მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მძიმე ეკონომიკური კრიზისი სექტემბრის ბოლოდან გველოდება“ – ვატო ასათაშვილი

5f4d0f05a7cdd
ინგა მურუსიძე
31.08.20 22:00
1881
სამწუხაროა, რომ ტურიზმი ტვირთად დააწვა სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ სხვა გზა არ არის, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია “ჰელისკი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა, ვატო ასათაშვილმა განუცხადა.

მან შეაფასა პრემიერ გიორგი გახარიას მიერ დღეს დაანონსებული საშეღავათო პაკეტი ტურიზმისთვის, რაც  სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.

„ცალსახაა და ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისიდან ვამბობ - 2020-ში ტურიზმი ვერ იმუშავებდა. მაშინ ვითხოვდით, რომ ეს ვალდებულებები მინიმუმ მომდევნო წლის გაზაფხულამდე უნდა გადავადებულიყო, რადგან თუ ოპერირება არ მოხდება, ეს კომპანიები პირდაპირ გაკოტრდებიან და თუკი რაიმე აქტივი გააჩნიათ, გაყიდიან, რასაც არანაირი აზრი არ აქვს.

ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს ვალდებულებები უნდა გადანაწილდეს და უნდა მოხდეს თანადაფინანსება, მისაღებია, მაგრამ ძირზეც უნდა იყოს საუბარი, რადგან წელს ტურიზმს არ უმუშავია ქვეყანაში. შესაბამისად, სექტორისთვის ვალდებულებების გადახდა შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ეს ტვირთად დააწვა სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ტურისტული სექტორის ვალდებულებები, მხოლოდ საპროცენტო კუთხით 130-მდე მილიონი იყო. უნდა მოხერხებულიყო ამ თანხის მოზიდვა, რომ პირდაპირ მიმართულიყო ბანკებისკენ, და არიდებულიყო როგორც ბანკები, ისე სექტორი ამ ვალდებულებებს“, - განაცხადა ასათაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა სხვა გამოსავლის ძებნა დაგვიანებულია, რადგან ქვეყანა უკვე ჩაკეტილ წრეშია. ასათაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გამოსავლის პოვნა შესაძლებელი იყო  სეზონის დასაწყისში სწორი გადაწყვეტილებების მიღებით, მათ შორის საზღვრების გახსნით, რაც რამდენჯერმე გადაიდო.

„დღესდღეობით, როცა სეზონი უკვე დამთავრებულია, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, სექტორმა უკვე დაახლოებით 10 მლრდ ლარამდე იზარალა. ვამბობდით, რომ ამ პრობლემის წინაშე დავდგებოდით. ახლა უკვე მეტი გამოსავალი არ არის, ან უნდა გავწიროთ საბანკო სექტორი და უნდა ვუთხრათ, რომ თანხები არ მოითხოვოს, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, ან ისევ და ისევ ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ამ თანხების თანადაფინანსება უნდა მოხდეს. ორივე შემთხვევაში ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არის. მე ვფიქრობ, მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოსახლეობას არ უგრძვნია და ეს ყველაფერი სექტემბრის ბოლოდან დაიწყება. ტურისტული სერვისები რაც იყო მაგალითად ტრანსპორტირება და ა.შ. ასე თუ ისე მუშაობდა და სექტემბრის ბოლოს ყველაფერი გაჩერდება და მძიმე ეკონომიკური კრიზისი სექტემბრის ბოლოდან გველოდება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ზამთარს - ასათაშვილი მიიჩნევს, რომ ზამთრისთვის მომზადებას აზრი არ აქვს, რადგან 2021 წლის გაზაფხულამდე ვერანაირი მოძრაობა ტურიზმის სექტორისთვის საქართველოში ვერ იქნება.