07.ნოემბერი .2019 23:15

"მე 10 მილიარდს ვიხდი გადასახადებში და მეუბნებით, რომ 100 უნდა გადავიხადო?" - ბილ გეითსი

views 5378
უკან

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი სხვა მილიარდერებთან ერთად დემოკრატ ელიზაბეთ უორენის გეგმებს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც მდიდარი ადამიანებისთვის ახალი გადასახადი უნდა დაწესდეს. როგორც გეითსმა ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, ახალი გადასახადი ბიზნესინოვაციებს ამერიკაში ხელს შეუშლის.

„მე 10 მილიარდი მაქვს გადასახადებში გადახდილი, იმდენი რამდენიც არავის, 20 მილიარდიც რომ იყოს არაუშავს, მაგრამ როდესაც მეუბნებით, რომ 100 მილიარდი უნდა გადავიხადო, ვიწყებ ანგარიშს იმისა, თუ რა დამრჩება“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

საპასუხოდ დემოკრატი უორენი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, ბილ გეითსს შეხვედრას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ უორენის ინიციატივის მიხედვით, ოჯახი, რომლის ქონებაც 50 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს, ყოველწლიურად დაიბეგრება 2-პროცენტიანი მდიდრების გადასახადით. ხოლო ვინც 1 მილიარდზე მეტს ფლობს, ის 6 პროცენტით (თავდაპირველად საუბარი იყო 3 პროცენტზე).

დემოკრატი პოლიტიკოსის თქმით, ახალი გადასახადით მობილიზებულ თანხებს ის ჯანდაცვის რეფორმას მოახმარს, რომლის განხორციელებასაც აპირებს და რომელიც მთავრობას 20 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება 10 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, ბილ გეითსი მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია „ფორბსის“ მიხედვით, მისი ქონება 106 მილიარდ დოლარზე მეტია.