20.მარტი .2020 16:14

"მე კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას მხარს არ დავუჭერ" - ამირან გამყრელძე

views 1797
უკან

მე კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას მხარს არ დავუჭერ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სწრაფი ტესტების ირგვლივ გაკეთებული არაერთი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა არის კერძო და მათ აქვთ საკმაოდ კარგი ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი კვლევების ჩატარება, რაც არის (PCR) ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი თუ სხვა სწრაფი ტესტები. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, დღეს პრემიერის მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე მიცემულია დავალება, რომ განისაზღვროს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეპიდემიების დროს ტესტირებების კომერციალიზაცია არ ხდება. დღეს გვაქვს პანდემია და ასეთ დროს სახელმწიფო ყველაფერს თავის თავზე იღებს. ტესტის ფასი უნდა იყოს ოპტიმალური და უფლება ექნება ყველას, ვისაც ამ ტესტირებების ჩატარება შეუძლია და ამის ღირებულების გადახდას უზრუნველყოფს სახელმწიფო. პირადად მე კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას მხარს არ დავუჭერდი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის გამოეხმაუურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც მთავრობას სთავაზობს იმ კომპანიასთან დაკავშირებას, ვინც სწრაფ ტესტებს აწარმოებს.

"დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მე მეგონა ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდით. რამდენიმე ადამიანმა გადმოგვცა ტესტიც და ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ ტესტები შეგვეძინა. დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება, რადგან ყოველდღიურად საშუალოდ 10 კომპანიისგან შემოდის შემოთავაზება ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით. ლუგარის ცენტრის პერსონალმა გააანალიზა ყველა შემოთავაზებული ტესტი, სამინისტრომ შერჩეული ტესტების სია მიიღო და უწყება გეგმავს ცენტრალიზებულად ყიდვას. ბატონ გიორგის მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ ინფორმაცია ძალიან ბევრი გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.