26.სექტემბერი .2019 10:49

"მე საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი’’- ლავროვი

views 1306
უკან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა Kommersant-თან ვრცელ ინტერვიუში
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ ისაუბრა. დიპლომატმა ყურადღება პირდაპირი ფრენების განახლებაზეც გაამახვილა.

"მე ალბათ აღვაგდენდი ფრენებს საქართველოსთან. მეჩვენება, რომ ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ ხრიკის კონტრპროდუქტიული პროვოკაციული ხასიათი, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტში, როდესაც იქ შეიკრიბნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები’’- განაცხადა ლავროვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მართალია, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა 2019 წლის ზაფხულში, რუსეთის პირველმა დიპლომატმა დაადასტურა, და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე "გზაში იყო’’.

”ეს არ იყო ადვილი. მისი მომზადების პროცესი გასაგები მიზეზების გამო, რთული იყო. მაგრამ საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, რათა ხალხი ერთმანეთს დაკავშირებოდა, კონტაქტები გაემყარებინა და ტურიზმი განევითარებინა”, - თქვა ლავროვმა.

ჟურნალისტთან საუბრისას, რუსეთის საგარეო მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან მეგობრობას.