20.იანვარი .2021 23:00

"მედალფა": პაციენტების მომართვიანობა 60%-ით შემცირებულია, ხარჯები კი გაზრდილი

"მედალფა": პაციენტების მომართვიანობა 60%-ით შემცირებულია, ხარჯები კი გაზრდილი
views 1475
უკან

პაციენტების მომართვიანობა 60%-ით შემცირებულია, ხარჯები კი გაზრდილი, - ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ქსელის “მედალფას” ხელმძღვანელმა გიორგი ამბროლიანმა BM.GE-ს განუცხადა.

“მედალფა” ერთ-ერთი ხელმომწერია იმ წერილისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებმა ჯანდაცვის მინისტრს მისწერეს და რომლითაც ისინი ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრასა და პრობლემებზე საუბარს ითხოვენ, რათა სექტორი კოლაფსს გადაურჩეს.

გიორგი ამბროლიანი ამბობს, რომ ბოლო წელიწადნახევარში სამედიცინო დაწესებულებები ბევრი პრობლემის წინაშე დადგნენ, მათ შორის პრობლემები შექმნა მთავრობის 520-ე დადგენილებამ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს სახელმწიფომ ტარიფები შეუმცირა/გაუთანაბრა; გაზრდილია ხარჯები სამედიცინო აღჭურვილობისთვის, რომელსაც კერძო სექტორი უცხოურ ვალუტაში ყიდულობს, ლარის გაუფასურების ფონზე კი ეს განსაკუთრებით მტკივნეულია ფინანსურ კრიზისში მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

“მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - ხელთათმანები, ერთჯერადი ხალათები, კარდიოქირურგიისთვის ე.წ. იმპლანტები, ეს ყველაფერი არის იმპორტირებული, შესაბამისად, ვალუტაში ვიხდით ამ პროდუქტების ფასს. ეს ხარჯები გაიზარდა და არჩევანია გასაკეთებელი: იაფფასიანი ხალათების- ხელთათმანების შეძენა კიდევ შესაძლებელია, თუმცა, სხვა სამედიცინო აღჭურვილობაზე ხარისხის შემცირება მოიტანს ძალიან ცუდ შედეგს”,- აცხადებს გიორგი ამბროლიანი.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს, სხვა ჩივილებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვიანობა შემცირებულია.

“მომართვიანობის 60% არის შემცირებული, ამ პერიოდში გვიწევს თანამშრომლებისთვის ანაზღაურების შენარჩუნება. ამას დაემატა ის ფაქტორები, რომ კომუნალური გადასახადები გაგვეზარდა. ანუ სამედიცინო სფეროსთვის გაიზარდა როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ხარჯი. გაგვეზარდა სახარჯი მასალის ფასები.

ასევე ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა 520-ე დადგენილების გამოცემა, რომლის მიხედვითაც დაფინანსება და თითოეულ სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფები შეგვიმცირდა. ამას ემატება ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გეგმური ოპერაციების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში არის შეჩერებული მარტამდე. შესაბამისად, ეს მიმართულება სრულად შეჩერებულია”,- აცხადებს “მედალფას” ხელმძღვანელი.