მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიაციის ცნობადობა ნაკლებია“ - რატომ არ მიმართავს ბიზნესი დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმს?

639c7ce8bb4c0
ელენე გოგბერაშვილი
18.12.22 20:05
675
მედიაცია, როგორც სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული ინსტრუმენტი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან გაჩნდა, როცა ქვეყანამ მედიაციის შესახებ კანონი მიიღო. მიუხედევად იმისა, რომ სასამართლო სისტემა დავების სიმრავლიდან გამომდინარე გადატვირთულია და საქმეების განხილვა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ ხორციელდება, ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა იმ ბიზნესების რაოდენობა, რომელიც დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულ მექანიზმებს მიმართავს.

იურისტები განმარტავენ, რომ მედიაციის გზით ბიზნესდავების გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, დღეს ამ მექანიზმს, ძირითადად, ნაკლები მნიშვნელობის დავების დროს მიმართავენ. ამ ინსტრუმენტს განსაკუთრებით ნაკლებად იყენებს საშუალო და მსხვილი ბიზნესი.

„რამდენიმე წელია სასამართლო და სასამართლოს გარეთ მედიაცია ამოქმედდა. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა: კარგი საკანონმდებლო ბაზა, მომზადებული მედიატორები, მიმდინარე ცნობადობის ამაღლების პროექტები, ამას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესების ნება, მათი მხრიდან გაანალიზება და გაცნობიერება იმის, რომ გრძელვადიანი, დამქანცველი, ურთიერთდამაზიანებელი დავები არ არის ეფექტური და სჯობს, ბიზნესმა მედიაციით, ერთმანეთთან მოლაპარაკებით დაასრულოს სასამართლო წარმოებები.

საშუალო სირთულის ბიზნესდავა შეიძლება გაგრძელდეს 2-3 წელი, შეიძლება მეტიც, მაშინ როცა მედიაციის გზით შესაძლებლობაა, რამდენიმე კვირაში მოხდეს სწორ ფორმატში მორიგების მიღწევა და დავის დასრულება.

უფრო მცირე მნიშვნელოვან დავებზე არის მედიაციის გამოყენების ფაქტები. ვერ ვიტყოდი, რომ მაღალია საშუალო და დიდი ბიზნესის ჩართულობა, მეტი შესაძლებლობა და სივრცეა, რომ მსხვილმა ბიზნესებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მედიაციის განვითარებაში“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

როგორც სფეროს სპეციალისტები, ისე ბიზნესის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ წარმატების ისტორიები მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას მედიატორის სერვისებზე, თუმცა ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

„ჩვენ როგორც ადმინისტრატორი, ვაერთიანებთ 100-ზე მეტ კომპანიას და, რა თქმა უნდა არის, შემთხვევები, როცა კომპანიების შიგნით ხდება დავები, პარტნიორებს შორის. არის შემთხვევები, როცა ადმინისტრაციასა და ინვესტორ კომპანიას შორის, იშვიათად მაგრამ ხდება გაუგებრობები. სტანდარტულად, ისტორიულად უპირატესობა ენიჭებოდა სასამართლო ჭრილში ამ დავების განხილვას.

მედიაციის მიმართ ცნობადობა ამ ეტაპზე ნაკლებია, თუმცა ეს ინსტიტუტიც გადის იმ ეტაპს, რომ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, ამას დრო სჭირდება და ვფიქრობ, უფრო მომავალი წლიდან და შემდგომ წლებში იქნება გაზრდილი მიმართვიანობა. უპირატესობებია, რომ ეს ხარჯავს დროს, რესურსს. ჩვენ ინვესტორები გვყავს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მედიაციის ინსტიტუტს მეტნაკლებად იცნობენ, თუმცა ქეისები, სადაც გამოყენებული იქნა მედიაცია სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ამის წახალისებას და ვფიქრობთ, მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ წლებში“, - აცხადებს დავით ებრალიძე, ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ჩარჩო გაჩნდა, მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, გაიზარდა როგორც მედიატორის ინსტიტუტის მიმართ მიმართვიანობა, ისე საქმეების რიცხვი, რომელიც მედიატორის ჩართულობით გადაწყდა. ირაკლი ყანდაშვილის თქმით, საქმეების უმრავლესობა, ძირითადად, სახელშეკრულებო და პარტნიორებს შორის დავებს უკავშირდება.

„2021 წლის დასრულების შემდგომ, როცა შეჯამდა მომართვიანობა, შემიძლია გითხრათ, რომ 10%-ით [„ასეულობით დავაზეა საუბარი“] მოიმატა მომართვიანობამ, ხოლო მომართულთა 70% შეთანხმებას აღწევს. ამას აქვს ახსნა: მედიაცია უზოგავს მხარეებს ფინანსებს, მედიაციის გზით შეთანხმების მიღწევა უზოგავს მოდავე მხარეებს დროს და რაც მთავარია, ადამიანურ რესურსს. მედიაციას მომართავენ გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის მედიაცია გახლავთ კონფიდენციალურად დავის გადაწყვეტის მექანიზმი, რა დროსაც არც აუდიო და ვიდეო ოქმი არ დგება და გაცვლილი ინფორმაცია რჩება კონფიდენციაალური“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.

„მედიაციის შესახებ“ კანონის ფარგლებში ქვეყანაში მედიატორთა რეესტრი მოქმედებს, რომელშიც დღეის მდგომარეობით, 170-მდე მოქმედი მედიატორია რეგისტრირებული.