25.თებერვალი .2021 13:46

"მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს" - ლევან დავითაშვილი

"მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს" - ლევან დავითაშვილი
views 356
უკან

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების და მხარდამჭერი აქტივობების შედეგები განიხილა.

„სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, ერთად განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ, პანდემიის მიუხედავად, მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ლაბორატორიული კვლევების კუთხით არსებული პრობლემების დიდი ნაწილი გადაჭრილია. 2020 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია.

დღეისათვის, უკვე დანერგილია თაფლის კვლევა 120-მდე პარამეტრზე, აქედან დიდი ნაწილი უკვე აკრედიტებულია; 13 კვლევაზე აკრედიტაციის მიღება უახლოეს პერიოდში მოხდება, დარჩება მხოლოდ 30 პარამეტრი, რომელიც რეფერენტული მეთოდით იქნება აკრედიტებული. ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ კუთხით აღარ არსებობდეს ბარიერი სექტორის განვითარებისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის პროგრესი, რაც ბოლო პერიოდში მეფუტკრეობის სექტორში შეიმჩნევა, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები ევროკავშირმა აღიარა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. 2020 წელს, საქართველოდან განხორციელდა 21.7 ტონა თაფლის ექსპორტი, რაც 15.3 ტონით (3.4-ჯერ) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს; ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში (12.9 ტონა) და აშშ-ში (4.9 ტონა), ასევე, კანადაში (1.8 ტონა) და ყატარში (1.2 ტონა). 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული თაფლის ექსპორტი 6.7-ჯერ გაიზარდა.

ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა უწყებასთან ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სერტიფიკატების შეთანხმების/აღიარების მიმართულებით. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან.

შეხვედრაზე, კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა სახელმწიფოს მიერ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრის დანერგვა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის რძისა და შხამის, ასევე დინდგელის კვლევის დანერგვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფუტკრის მოვლის თანამედროვე მიდგომების შესახებ გაიდლაინების შემუშავება, ფერმერთა ცოდნის ამაღლება, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა