10.ივლისი .2020 19:33

"მერე ვიძახოთ, რომ კონგრესი არ ვარგა" - რაზე აფრთხილებს ჯოხთაბერიძე ბექაურს?

views 1477
უკან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, "მაგთიკომის" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, ბიზნესმენმა გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა წინააღმდეგობაში მოვა იმ ორმხრივ შეთანხმებებთან, რომელიც საქართველოს ბიზნესმენთა უფლებების დაცვის შესახებ არაერთ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. საუბარია კანონპროექტის იმ ჩანაწერზე, რომელიც კომუნიკაციების კომისიას სატელეკომუნიკაციო კომპანებში სპეციალური მმართველის დანიშვნის და კომპანიის წილების აუქციონის გზით გაყიდვის უფლებას აძლევს. 

"მაგთიკომის" საკონტროლო პაკეტის ხელმძღვანელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს მოუწოდებს გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რაც ბიზნესმენთა უფლებების დაცვის მხრივ ამ კანონპროექტის მიღებას ექნება.

"საქართველოს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, დასავლურ სამყაროსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული აქვს ორმხრივი ხელშეკრულებები ბიზნესმენთა უფლებების დაცვის შესახებ. მე არ მინდა კონკრეტიკაში წავიდე, მაგრამ თქვენ ამას ითვალისწინებთ? როდესაც მიიღო მაგალითად ამერიკულმა კომპანიამ აქ ლიცენზია, შეიძინა აქტივი და ამის შემდეგ ასეთ კანონპროექტს აკეთებთ. წარმოგიდგენიათ ამას რა რეაქცია ექნება? მერე ვიძახოთ რომ "კონგრესი არ ვარგა", ეს "ლობირებულია" და სხვა. არაფერი ლობირებაზე არ გაჟღერებულა იმ საკითხებზე რაც თქვენ იცით, არავითარ ლობიზმზე და არავითარ PR-ზე. იცით, რაშია საქმე? მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანდებით კომისიის თავმჯდომარე, ხაზს ვუსვამ, ორმა უდიდესმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ დატოვა საქართველოს ბაზარი", - აცხადებს ჯოხთაბერიძე.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.