მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესტიაში ენერგეტიკული კუთხით მძიმე ვითარებაა" – თუ ნაბიჯები არ გადაიდგმევა "ენერგო პრო" პასუხისმგებლობას მოიხსნის

5ff98a97c9c3d
BM.GE
09.01.21 14:39
2471
მესტიაში ენერგეტიკული კუთხით შექმნილი ვითარება არის ძალიან მძიმე და ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდა– განცხადებას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან მოყოლებული არ იხდის, რამაც კრიპტოვალუტის მომპოვებლებს უბიძგა მაინინგი სწორედ სვანეთში დაეწყოთ. კრიპტოვალუტის მოპოვებას საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება მოხმარებული ელექტროენერგია სვანეთში – ენერგოპროჯორჯია კი ზარალზე გადის. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარული ელექტრონული ვალუტის ბიტკოინის ფასმა 40 ათას დოლარს გადააჭარბა.

“ენერგო პროჯორჯია” აღნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და მნიშვნელოვნად გამოსწორება მთელი რაიონის მასშტაბით, ასევე როგორ უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც სხვა ყველა მომსახურების ცენტრში, უკვე მრავალი წელია მიღწეულია.

“კომპლექსური ქმედებების კვლავ გადავადება გარანტირებულად გამოიწვევს მძიმე შედეგებს, რაზედაც ენერგო-პრო ჯორჯია იხსნის პასუხისმგებლობას”,– ნათქვამია ენერგოპროს განცხადებაში, რომელიც სვანეთში შობას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები, შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით.

“მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა”,– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს და მეორე რიგში, მსგავს პირობებში მანიპულირებამ, მაღალი ძაბვის ქსელში, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენასაც რამოდენიმე კვირა დასჭირდება.

ენერგო-პრო ჯორჯია სთხოვს მესტიის რაიონის ყველა მოსახლეს, გამოიჩინოს თავშეკავება მსგავსი არამართლზომიერი და მათსავე სიცოცხლისთვის სარისკო ქმედებებისგან, რათა გამოირიცხოს ტრაგიკული შემთხვევები.