მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეთაფლია": ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად მზად არ არის

56bf447e75e4b
ელენე გოგბერაშვილი
14.02.16 11:20
1746
კომპანია "მეთაფლია" მეათე წელია ბაზარზე 130 დასახელების თაფლის პროდუქტს ყიდის. როგორც "მეთაფლიას" გენერალური დირექტორი, როლანდ ზირაქაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, ნედლეულის წარმოება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხორციელდება, თუმცა პროდუქტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და ექსპორტზე არ გადის.
 
თაფლი ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც შეიძლება ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს, თუმცა როგორც როლანდ ზირაქაშვილი ამბობს, არც საწარმო და არც ქვეყანა ამისთვის ჯერ მზად არ არის.

"წელს საქართველო თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას ვერ შეძლებს. ალბათ მომავალ წელს მზად ვიქნებით, თუმცა ამისათვის საწარმოების გადაიარაღება და გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებაა საჭირო. ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნაზე და ვფიქრობთ, ამის შემდეგ პროდუქციის ექსპორტზე გატანა გაცილებით მარტივი გახდება", - აცხადებს როლანდ ზირაქაშვილი.

მისი თქმით, იქმნება თაფლის მწარმოებელთა კოოპერატივები. ასევე საუბარია, რომ შეიქმნას კოოპერატივების კოოპერატივი, რათა მწარმოებლებმა ერთობლივი ძალებით შეძლონ იმ მოცულობის თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გატანა, რა კვოტაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აქვს საქართველოს მინიჭებული.

საქართველო წელიწადში დაახლოებით 4 000 ტონა თაფლს აწარმოებს. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში 1500 ტონა თაფლი შეიტანოს.