მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტი ყურადღება ექცევა ახალ ინვესტორებს, უკვე არსებულები კი ზოგჯერ თავს მივიწყებულად გრძნობენ" - EBRD-ის რეგიონული დირექტორი

5e2accfe7e866
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.20 15:35
1324
2019 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში 325 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიციით, რომელიც კერძო და საჯარო სექტორში განხორციელებულ 21 პროექტს მოხმარდა, ახალი რეკორდი დაამყარა - ამის შესახებ ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.  

2019 წლის შედეგებთან ერთად, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებაც, რომელთა წინაშეც საქართველო იმყოფება. EBRD-ის რეგიონული დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ რეფორმების კურსიდან არ გადაუხვიოს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ამახვილებს, მთავრობასა და კერძო ინვესტორებს შორის ურთიერთობის საკითხია. კატარინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, საქართველოს საკმაოდ კარგი საინვესტიციო კლიმატი აქვს, თუმცა არის ტენდენცია, რომ უფრო მეტად ყურადღება ახალი ინვესტორების მოზიდვას ეთმობა, ვიდრე უკვე არსებული ინვესტორებთან მჭიდრო ურთიერთობას. 

"ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია კურსიდან არ გადახვევა, შევინარჩუნოთ უწყვეტობა, შესაბამისად რეფორმების განგრძობადობა, ბიზნესკლიმატის განვითარება და გაუმჯობესება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები არის მოახლოებული. რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, საქართველო არის საკმაოდ სტუმართმოყვარე ქვეყანა და ძალიან კარგი გარემო აქვს ინვესტორებისათვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ინვესტორები გამოთქვამენ სურვილს, ჩამოვიდნენ საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პოსტ-საინვესტიციო სერვისები, ინვესტორებისათვის, რომლებიც უკვე აქ არიან. აქცენტი თითქოს უფრო მეტად კეთდება ახლად ჩამოსულ ინვესტორებზე დიდი ხნის განმავლობაში აქ მყოფ ინვესტორებს ზოგჯერ უჩნდებათ გრძნობა, რომ ისინი მივიწყებული არიან. 

მე ვამბობ, რომ ზოგჯერ მათ თავად უწევთ პრობლემებთან გამკლავება. არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ მხრივ ახალი სააგენტოს შექმნა, რადგანაც უკვე არსებული სააგენტოები საჭირო სერვისების უზრუნველყოფას კარგად ართმევენ თავს არსებული ინვესტორებისათვის. ჩემი აზრით, გამოსავალი არის დაბალანსებულ მიდგომაში", - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

კატარინა ბიორლინ ჰანსენი "საქმიანი დილის" ეთერში:



ამასთანავე, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრა სხვა ძირითად მიმართულებებზეც, რომელთა დაფინანსებაც ბანკის პრიორიტეტს წარმოადგენს, ესენია - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ლოჯისტიკა, განახლებადი ენერგია, ტურიზმი, DCFTA-ის მოთხოვნებთან დაახლოებისთვის საჭირო დაფინანსება და სხვა სფეროები. 

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას კი EBRD-ის რეგიონული დირექტორი პასუხობს, ამ ეტაპზე ისინი თვალს ადევნებენ საქართველოს მთავრობის აქტივობას ამ პროექტთან დაკავშირებით.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ მთავრობის აქტივობებს ამ მიმართულებით. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, და მისი განხორციელება უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ მას", - ამბობს EBRD-ის რეგიონული დირექტორი.

დღემდე, EBRD-მა 249 პროექტით 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.