მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტრო ჰოლდინგი" გალიფ ოზთურქთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

6422ad01ca336
BM.GE
28.03.23 13:59
11985
"მეტრო ჰოლდინგი" ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge სრულად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალი-ზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე, ასევე, მასთან და-კავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები.

შედეგად, აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რის საფუძველზეც, 2023 წლის 27 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი, გასაჯაროებისთანავე სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ ინტერპრეტაციის საგნად იქცა და მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა არაერთი გადაუმოწმებელი განცხადება. შესაბამისად, „მეტრო ჰოლდინგი“ საჭიროდ თვლის განმარტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

ბატონმა გალიფმა დაკავებისთანავე განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა შემხებლობა ამოღებულ სავარაუდო ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან, თავს მიიჩნევდა უდანაშაულოდ და მთავარ საკითხად ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სიცოცხლისუნარიანობას და დასაქმებულ პირთა შენარჩუნებას ასახელებდა.

მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა ეთანამშრომლა საგამოძიებო უწყებებთან, რათა დროულად მოგვარებულიყო არსებული გაუგებრობა და ჰოლდინგს თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი რისკები, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ოპერირების შეწყვეტასთან.

მიუხედავად არაერთი სირთულისა, განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ არსებული მწირი რესურსების ფარგლებში ჰოლდინგი ღირსეულად გაუმკლავდა გამოწვევებს, ამ დროის განმავლობაში სრულყოფილად შეძლო შეენარჩუნებინა სამუშაო პროცესი ყველა კომპანიაში და დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა უცვლელად.

წლების განმავლობაში განხორციელებული უამრავი ქველმოქმედების ფონზე, რომელსაც მიუხედავად პატიმრობისა, კვლავ უწყვეტად აგრძელებს გალიფ ოზთურქი, თითოეულ ადამიანს ვისაც პირადად შეეხო მისი სიკეთე, სურვილი აქვს საკუთარი წვლილი შეიტანოს ბატონი გალიფის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, ჰოლდინგის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში ჩვენ გვერდით იდგა და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობდა დახმარების გაწევას.

თუმცა აქვე უმორჩილესად ვთხოვთ, საზოგადოებრივ ჯგუფებსა თუ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ნუ გამოიყენებენ ამ საკითხს პირადი დივიდენდების დაგროვების მიზნით და ნუ გააჟღერებენ ისეთ მოსაზრებებს, რაც სრულიად არ შეესაბამება და არ გამოხატავს გალიფ ოზთურქის, მისი ოჯახისა და მეტრო ჰოლდინგის პოზიციას.

ბუნებრივია არ გვსურს, გარკვეული პოლიტიკური სარჩულით ზიანი მივაყენოთ მიმდინარე პროცესებს და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვასოცირდებოდეთ კონკრეტულ ჯგუფებთან.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ყველა განცხადებასა თუ პოზიციას, რომელიც არ არის გაჟღერებული ოზთურქების ოჯახის ან/და „მეტრო ჰოლდინგის“ სახელით. ვაზუსტებთ, რომ არსებულ მოვლენებს განვიხილავთ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. ჩვენი ჯგუფის ადვოკატები აქტიურად მუშაობენ შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ცხადია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასაც მოიცავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და დაცვის მხარის სტრატეგიის ფარგლებში, ეტაპობრივად ასევე გავასაჯაროებთ რიგ სამართლებრივ დეტალებს, რომელზე დაყრდნობითაც სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში შევძლებთ დავიცვათ საკუთარი პოზიცია.

მოცემულ მომენტში, ბატონი გალიფი აფიქსირებს ურყევ პოზიციას და გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს ყველა სამართლებრივი პროცესი, რათა შექმნილმა მდგომარეობამ ან სხვადასხვა ჯგუფების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა (რომელთა გაკონტროლება სამწუხაროდ აღემატება ჩვენს ძალებს) არ დააზარალოს ბიზნეს გარემო, არ იმოქმედოს ინვესტორთა განწყობაზე და ხელი არ შეუშალოს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებას.

მეტრო ჰოლდინგის დამფუძნებელსა და მენეჯმენტს გაცნობიერებული აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, შესაბამისად, ზემოხსენებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, სიმართლის დასადგენად ინტენსიურად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო უწყებებთან,"- ნათქვამია განცხადებაში.


(რ)