03.მარტი .2023 11:18

"მეთხილე ფერმერებმა USAID-ის პროექტის მხარდაჭერით წარმოება და გაყიდვები $145 მილიონამდე გაზარდეს"

"მეთხილე ფერმერებმა USAID-ის პროექტის მხარდაჭერით წარმოება და გაყიდვები $145 მილიონამდე გაზარდეს"
views 593
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონ პენელი საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. პროექტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომპანიის FERRERO დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „CNFA - საქართველო“ მიერ 2015 – 2023 წლებში ხორციელდებოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. წლების განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა თუ პროექტი განხორციელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, თხილის სექტორი განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება, ექსპორტი და მიღებული შემოსავალი. პროექტი, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თხილის სექტორისთვის. პროექტი იყო ეფექტიანი და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც თხილის ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, ასევე ზოგადად, თხილის სექტორის განვითარებას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია პროექტის ფარგლებში დონორებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.

„პროექტის ფარგლებში, ხელი შევუწყვეთ ფერმერებს, გაეუმჯობესებინათ თხილის წარმოება საქართველოში. შედეგად, 35 000-მდე მეთხილე ფერმერმა, რაც საქართველოს მეთხილე ფერმერთა რაოდენობის დაახლოებით, 70%-ს წარმოადგენს, მიიღო ბენეფიტი აღნიშნული პროექტიდან. მათ გაზარდეს წარმოება და გაყიდვები 145 მილიონ დოლარამდე. მათ მიიღეს სხვადასხვა სახის დაფინანსება როგორც დონორებისგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან“, - განაცხადა ჯონ პენელმა.

ღონისძიებაზე საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს. აღინიშნა, რომ პროექტის მიზნები ფაქტობრივად შესრულებულია. დარგობრივი ასოციაციების (თხილის მწარმოებელთა ასოციაცია (GHGA) და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია (HEPA) მხარდაჭერით, თხილის სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა.

პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოსთან (RDA) მჭიდრო თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, აშენდა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი 8 ახალი საწარმო, სადაც შესაძლებელია სეზონზე 7,5 ათასი ტონა თხილის გაშრობა და 4 ათას ტონამდე თხილის დასაწყობება (ჯამური ინვესტიცია 2,4 მლნ აშშ-ის დოლარი); სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს), ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, გადაეცა 800 ათასი აშშ-ის დოლარის ღირებულების ფერომონები მავნებლის მონიტორინგისა და „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების მოსაწყობად; განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტული დახმარება და დაფინანსდა საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით; პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა თხილის სექტორში უვნებლობის სტანდარტების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - მიკვლევადობის სისტემის შესაქმნელად; განხორციელდა დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერა; FERRERO-ს ბაზაზე გადამზადდა საქართველოს 10 უმაღლესი სასწავლებლის 180-ზე მეტი სტუდენტი თხილის მოყვანა-მოვლისა და გადამუშავების სრული ციკლის „ფერმიდან სუფრამდე“ მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც „საქართველოს თხილის სექტორის მიღწევები და გამოწვევები“.

პროექტის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ფერმერები.