მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მგზავრთნაკადის ასეთი ზრდა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონია“ - ინტერვიუ ია ხომერიკთან

61b72afcecb28
მარიამ ვარადაშვილი
15.12.21 19:55
720
მიმდინარე წელს თბილისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა თითქმის 40%-ით აღდგა და, დაახლოებით, 1.6 მლნ მგზავრით აეროპორტი 2014 წლის მაჩვენებელზეა. აღდგენის დინამიკასა და ავიაციის სექტორის სამომავალო პერსპექტივებზე BMG Air France-ის წარმომადგენელს საქართველოში ია ხომერიკს ესაუბრა. აღსანიშნია, რომ 2019 წელს შემოსული ავიაკომპანია 2021-2022 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ორი სიხშირით დაფრინავს. Air France ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2020 წელს თბილისიდან პარიზის მიმართულებით რეგურალური ფრენები აღადგინა.

- პანდემიის გათვალისწინებით, როგორი წელი ჰქონდა Air France-ს საქართველოს ბაზარზე და აპირებთ თუ არა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ფრენების სიხშირის გაზრდას?

ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო წელი იყო. პანდემიის გამო, როცა საჰაერო სივრცე ჩაიკეტა, Air France ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია იყო, რომელიც პარიზის მიმართულებით ფრენებს მაინც ასრულებდა. ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გავაგრძელეთ ოპერირება. რა თქმა უნდა, ზაფხულშიც ვაპირებთ ფრენების გაგრძელებას. რაც შეეხება სიხშირის გაზრდას, ეს უკვე მგზავრების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წინასწარ გაცნობებთ. ახლა, ჯერჯერობით, ორი სიხშირით დავფრინავთ.

- მიმდინარე წელს როგორი იყო მოთხოვნა თბილისი-პარიზის მიმართულებაზე?

ზუსტ რიცხვებს, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, თუმცა მოთხოვნა და დატვირთვა საკმაოდ კარგი იყო. რეისი სრულდება მოთხოვნის მიხედვით. აქედან, გამომდინარე, ამ მიმართულებით კმაყოფილები ვართ.

- თბილისის საერთაშორისი აეროპორტი, სავარაუდოდ, 2021 წელს 1.6 მლნ მგზავრით ჩახურავს და 2014 წლის მაჩვენებელზე გავა. როგორ აფასებთ ამ შედეგს - დაახლოებით, 40%-იანი აღდგენა, რაც აეროპორტს ჰქონდა, რამდენად დამაკმაყოფილებელია პანდემიის ფონზე. ამასთან, 2 მლნ მგზავრის გადაყვანის გეგმა აქვს აეროპორტის მმართველ კომპანიას 2022 წლისთვის. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია ეს?

ჩემი აზრით, თუ სხვა ევროპულ ქვეყნებს შევადარებთ, მაინც დიდი წარმატებაა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი ზრდა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონია. ჩვენ უფრო თავისუფლად და მოქნილად გავხსენით საზღვრები; თან ქართული ბაზარითან არა მხოლოდ ევროპული, არამედ სპარსეთის ყურის სხვადასხვა ავიაკომპანიისთვის იყო ხელმისაწვდომი როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მგზავრთნაკადის 40%-იანი აღდგენა ძალიან კარგი შედეგია და ვიმედოვნებ, მომავალ წელს უფრო მაღალი ზრდა იქნება. თითქმის ყველა ავიაკომპანია დაბრუნდა, ვინც ქართულ ბაზარზე ოპერირებდა. ზოგი ახალი კომპანიაც შემოვიდა.

- თქვენი აზრით, ამის მიზეზები საზღვრების დროულად გახსნაა, რაც თქვენ ახსენეთ და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის გამარტივებული წესი იყო?

ჩვენმა საავიაციო სტრუქტურებმა, რომლებიც ადგილობრივად აწესებენ საზღვრის კვეთის რეგულაციას, გაითვალისწინეს სხვა ქვეყნების გამოცდილება და დროულდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაზარი დიდხანს ჩაკეტილი არ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, სეზონისა და ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკების გათვალისწინებით, ის ავიაკომპანიები, რომლებიც დაფრინავდნენ, დროულად დაბრუნდნენ და ბაზარზე პოზიტიური დინამიკა აქვს. მსოფლიომ ნაწილობრივ უკვე ისწავლა ავიაციასთან მიმართებით პანდემიის მართვა. საუბარია რეგულაციების დანრგვაზე, რათა ფრენა უსაფრთხო იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სრულად აღდგება, ხელისშემშლელი ფაქტორია ახალი შტამი, რის გამოც ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ხურავს საზღვარს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს იქნება ზუსტად ის რიცხვი, რასაც ასახელებენ, შესაძლოა უფრო მეტიც, მაგრამ ხელშემშლელი ფაქტორი შესაძლოა ისევ ეს ახალი შტამი იყოს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ის რიცხვი, რაც დასახელდა სავსებით რეალურია.

- თქვენი აზრით, რა უნდა იყოს მთავრობის პრიორიტეტი - ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების გაზრდა თუ ახალი კომპანიების შემოყვანა, თუ ორივე ერთად? მაგალითად, ვიცით, რომ ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ გადამყვანს - Wizz Air-ს მიმართულებები სრულად არ აღუდგენია...

ჩვენი ბაზარი მოთხოვნადია და იზრდება ინტერესი, როგორც ევროპიდან ასევე აზიიდანაც, რომელიც ძალიან საინტერესო ბაზარია. რაც შეეხება კითხვას, ვისზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ვფიქრობ, არჩევანი ფუფუნება არ გვაქვს, რომ ვთქვათ, მოდი, ამას არ დაველაპარაკოთ და იმაზე გავაკეთოთ აქცენტი. ყველა ავიაკომპანიაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რადგან ნებისმიერი ავიაკომპანია არის მგზავრის, ტურისტის შემომყვანი, ამიტომ არჩევა მგონი, სწორი არ არის და ყველა უნდა იყოს პრიორიტეტი.

- თქვენ ასევე წარმოადგენთ უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ს, რომელიც ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კვირაში ორჯერ დაფრინავს. რა გეგმა აქვს მას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის?

ტაშკენტის მიმართულებით ფრენებზე ნელ-ნელა იზრდება პოპულარობა. ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ურთიერთობის დიდი ისტორია აქვს. ჯერჯერობით, ორი სიხშირეა. რაც შეეხება გეგმებს, მოთხოვნის მიხედვით, ზაფხულში სიხშირე შესაძლოა, გაიზარდოს.