მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიკროსაფინანსოებს არ აქვთ რესურსი, რომ სესხები გააძვირონ" - MBC-ის გენდირექტორი

60773addbd263
თამთა ჯიჯავაძე
14.04.21 23:42
787
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ რესურსი, რომ გააძვირონ სესხები, - ამის შესახებ MBC-ის გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა „საქმის კურსში“ განაცხადა. მან ლარის დევალვაციის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და რისკებზე ისაუბრა.

„ლარის კურსი ძალიან მნიშვნელოვანია მიკროსაფინანსო სექტორისთვის. სამწუხაროდ, მიკროსაფინანსოებს პირდაპირი წვდომა ლარის რესურსზე არ აქვთ. ამიტომ წამყვანი მიკროსაფინანსოები და მათ შორიც ჩვენც, სახსრებს უცხოურ ვალუტაში საერთაშორისო ინვესტორებისგან იზიდავენ. ლარის კურსის ზრდა კი იწვევს ჩვენი ვალდებულებების გაძვირებას, ეს უარყოფითად აისახება ჩვენს მომგებიანობაზე. ცნობილია, რომ შარშან ლარის დევალვაციამ 14%-ზე მეტი შეადგინა, ექსპერტები ელოდებიან, რომ დაახლოებით ამ მასშტაბით იქნება დევალვაცია წელსაც. ეს ნიშნავს, რომ ასეთივე პროცენტური პუნქტებით ძვირდება ჩვენ მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდული სესხები.

ახლა, როდესაც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან უჭირს არსებული სესხების მომსახურება, იცით რომ მათ ან შეუწყდათ, ან შეუმცირდათ შემოსავლები, რა თქმა უნდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ რესურსი, რომ გააძვირონ სესხები. ეს გამოიწვევს სასესხო პორტფელის ხარისხის მკვეთრად გაუარესებას, ანუ დეფოლტის რისკის მკვეთრად გაზდას. ჩვენი კომპანია არ აძვირებს სესხებს, მიგვაჩნია რომ ეს არ არის ის გზა, რითიც უნდა გავანეიტრალოთ ლარის მერყეობა. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯების ზრდას და ვალდებულებების ფასის ზრდას ჩვენი მომგებიანობის შემცირების ხარჯზე ვაკომპენსირებთ. თუ ლარის დევალვაცია ასეთივე მასშტაბით გაგრძელდა, რაღაც მომენტში ალბათ გავალთ ზარალზე“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, ლარი კვლავ უფასურდება, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ღურებულება 3 ლარი და 44 თეთრია. დღეს ლარი დოლართან მიმართებით, 0.1 თეთრით გაუფასურდა.