მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მილიონობით ლარის ზარალზეა საუბარი" - რატომ გააძვირა „თბილისი ენერჯიმ“ კომერციული გაზი?

5fc8f40ca426c
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 19:04
1099
2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზრდებათ. ფასის მატება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრს შეადგენს, რის შედეგადაც ახალი ტარიფი 1.1 ლარი იქნება. „თბილისი ენერჯის“ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობა გაარკვევს, რატომ გააძვირა ენერგოკომპანიამ კომერციული გაზი. 

„თბილისი ენერჯისთან“ კომერციული გაზის ტარიფის 24-თეთრიან გაძვირებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს კერძო სექტორსაც, რომელიც კომპანიისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

„ჩვენ ღია ვართ ამ საკითხების განმარტებისთვის“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ კომერციული და ტექნოლოგიური საკითხების დირექტორმა ედიშერ ხორავამ „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, კომერციული გაზის ტარიფი დერეგულირებულია და კომპანიამ შეასრულა ვალდებულება, რომელიც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება 1 თვით ადრე უნდა გაცხადდეს. 

კითხვაზე - რატომ გააძვირა კომპანიამ კომერციული გაზი 24 თეთრით, ედიშერ ხორავამ ის ფაქტორები ჩამოთვალა, რომელმაც გაზის საფასურის ამ მოცულობით გაზრდა განაპირობა.

„ტარიფის გაზრდა გამოწვეულია სავალუტო კურსის ცვლილებით. დღეს და აქამდე არსებული კურსი კომპანიისთვის ძალიან დიდ წნეხს ქმნის, მილიონობით ლარის ზარალზეა საუბარი, რაც კომპანიას თავისი სალიცენზიო პირობების და მისი ძირითადი ამოცანების შესრულების საშუალებას არ აძლევს. კომპანიას კი აქვს ვალდებულებები, რომ გაზმომარაგება იყოს საიმედო და უწყვეტი.

ტარიფი საჭიროებდა კორექტირებას. მარტივად რომ ვთვქათ, 24 თეთრით საფასურის გაზრდა მოიცავს პროდუქციის თვითღირებულებას, რაც საჭიროა მისი შესყიდვისთვის და შემდგომ უკვე იმ დანახარჯებისთვის, რაც მომხმარებლამდე მიტანისთვისაა საჭირო. 24 თეთრი ამ ყველაფერს მოიცავს“, - განმარტა ედიშერ ხორავამ.