მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსების გაზრდის გარეშე, გაჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება"

623acaf3cb34f
თათია ჩაფიჩაძე
23.03.22 21:07
1090
ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსების გაზრდის გარეშე, გაჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ვეფხვაძე ამბობს, რომ ფასები პანდემიიდან მოყოლებული დღემდე რეკორდულად იზრდება, რასთანაც დამოუკიდებლად გამკლავების რესურსი კომპანიებს არ გააჩნიათ.

„პრობლემა დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიის მიმდინარეობისას, 2020 წლის მეორე ნახევრიდან მიწოდების ჯაჭვში იყო პრობლემები, რამაც გააძვირა მასალები. მეორე ეფექტი იყო 2021-ში, როცა ამ ყველაფერს ინფლაცია დაემატა. სამუშაო ძალა გაძვირდა. ახლა კი, 2022-ში ომმა მიწოდების ჯაჭვი საერთოდ კონტექსტიდან ამოაგდო. ძირითადი მომწოდებლები - რუსეთ-უკრაინა საერთოდ გაჩერებულია. უკრაინაში იცით იბომბება ქარხნები, რუსეთში გადარიცხვებზეა პრობლემა, რამაც გამოიწვია ფასების კოლოსალური ზრდა. შესაბამისად გვაქვს სიტუაცია: ან ეს პროექტები უნდა გავაჩეროთ და ვუთხრათ ამ ხალხს რომ ნუ გაკოტრდებით, და თქვენს საბანკო გარანტიებს, რაც მოტანილი გაქვთ, გიბრუნებთ, ან მეორე ვარიანტია რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ პროექტებს და მოხდეს იმ დონეზე ინდექსაცია ანუ ფასების ზრდა, რაც ვითარების შესაბამისი იქნება.

ვფიქრობ, საღი აზრი მთავრობაში არსებობს რომ გამოსავალი ვნახოთ... ახლა დგება საკითხი მოვიფიქროთ სამართლიანი სქემა, იმისთვის რომ პროექტები დასრულდეს და საჯარო ფინანსების განკარგვის მიმართულებით არ იყოს კითხვის ნიშნები.

მასალები გაძვირებულია 2020 წლიდან 25-დან 70%-მდე, სამუშაო ძალა გაძვირებულია 50-60%-ით, ეს დასათვლელი და ასასახია იმ დანახარჯებში, რაც კომპანიებს აქვთ“, - აცხადებს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამშენებლო ბიზნესს 2 დღის წინ შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დარგში არსებული ვითარების შესასწავლად და გამოწვევების დასაძლევად საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელმაც წესით პრობლემის გადაჭრის გზები სექტორს უახლოეს მომავალში უნდა წარუდგინოს.

ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში ამბობენ, რომ რეგიონში მიმდინარე ომმა მასალების თვითღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში 50-70%-ით გაზარდა, ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე კი პროექტები ვერ შესრულდება. ინდექსაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება (ან გაიაფება) და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში ასევე აცხადებენ, რომ ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე „აზრი ეკარგება“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივასაც, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებულ ტემპში განხორციელებას გულისხმობს. საუბარია პროექტზე - „მშენებლობა განვადებით“, რომლის დეტალები და პირობები ჯერ ისევ უცნობია.