12.ივნისი .2021 11:18

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით"

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით"
views 646
უკან

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე პროექტში ჩართული მხარეების პოზიციების დაფიქსირება მოხდება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი. 

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, მთავრობა დაინტერესებულია და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი გადავიდეს „ღიაობის“ პროცესში და მოხდეს განხილვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მისივე თქმით, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა და იდენტიფიკაცია, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფებს. მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი“ აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ეს არის ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი დასაყრდენი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის.

„ამასთან უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ გვინდა, რომ ამის დემონსტრაცია მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.