მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა იყოთ უაღრესად მკაცრი" - გახარია გამყრელიძეს

5ec7889d03148
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.20 12:10
1879
მინდა იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს, მედიასთან, ქვემოთ - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, როცა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით საჭირო ღონისძიებებზე საუბრობდა. 

მანამდე პრემიერმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რამაც ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანა და განაცხადა, რომ ამას ყველაზე კარგად მოქალაქეები საარჩევნო ყუთებთან მისვლისას შეაფასებენ. სწორედ პანდემიასთან ბრძოლის მიღწევებზე საუბარი დაავალა პრემიერმა მედიასთან გამოსულ თანამდებობის პირებს.

"ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე მივყევით ექიმების რეკომენდაციებს - მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად მუშაობის შედეგად, სისტემა მოემზადა იმისთვის, რომ ნორმალურად მიეღო, ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებაში დაებრუნებინა ხალხი. NCDC-მ გააკეთა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პირველები არ ვყოფილვართ ტესტების რაოდენობით, ტესტების მიზნობრიობის ხარისხი იყო უბრალოდ მაღალი.

აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ, უბრალოდ გაგვიჭირდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ქვია ეკონომიკის ამუშავება და რასაც ჰქვია კრიზისის, როგორც შესაძლებლობების გამოყენება. ამის კარგი პლატფორმა გვაქვა ახლა და ეს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი რეზისტენტულობის გარეშე, რასაც გვაბრალებენ და გვეძახიან... ყველაზე კარგი საბოლოო შემფასებელი მაინც არის მოქალაქე, რომელიც მივა საარჩევნო ყუთთან და თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბატონო ამირან, მინდა იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან ქვემოთ, ისევე როგორც ქალბატონო ეკა (ჯანდაცვის მინისტრი)... პირველი - უნდა აუხსნათ რა ხდება რეგიონში, მეორე უნდა აუხსნათ რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე, უნდა აუხსნათ, რომ ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, რთულია და მეოთხე - პოლიტიკოსებს აუხსენით, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.