მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მისიას სერიოზულად მივუდგები" - პრემიერის სპეციალური მრჩევლის განცხადება

6094f04f68135
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 11:44
578
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა. საზოგადოებას მან მრჩეველი სპეციალურ ბრიფინგზე წარუდგინა, სადაც სიტყვით ვაზილ ჰუდაკიც გამოვიდა.

„ჩემს როლს ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც საერთაშორისო დახმარების გზით, ფინანსური რესურსების მობილიზაცია მოხდება, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა სპეციალურმა მრჩევლმა.

ვაზილ ჰუდაკმა თავის გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დასაახლოვებლად თანამედროვე მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.

„საქართველოში სხვადასხვა რანგში ბევრჯერ ვყოფილვარ; ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეს საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის და საქართველოს საზოგადოების განვითარებისთვის ვიმუშავებ.

ჩვენ, კოვიდის გამო, გლობალურად რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო შესაძლებლობების პერიოდიცაა. შესაძლებლობა გვაქვს გავიზარდოთ, განვვითარდეთ, სხვადასხვა მიმართულებით სფეროებისთვის უკეთესი ხარისხი შევქმნათ. დახმარება აშშ-დან, ევროკაშვირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა ინვესტიციებისა და მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში.

მე ვარ ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენელი მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით; ეს გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტია. 50 მლრდ ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის, რომელსაც 2 ასპექტი გააჩნია, ერთი - გაციფროვნებაა და მეორე - მწვანე, გარემოსდაცვითი მიმართულებით კლიმატის ცვლილების დაძლევა. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რათა უფრო ციფრული, თანამედროვე და მწვანე გახდეს. მიმაჩნია, რომ საქართველო ამით ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდება და ეს საქართველოს მთავრობის მისწრაფებაა“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ამასთან, პრემიერის მრჩევლის აზრით, საქართელოს დღეს იმის რესურსი არ აქვს, რომ ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელ საჭროებებს უპასუხოს, ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს რესურსები გაჩნდეს.

„ამ პროცესში ყველა გამოწვევაზე სასაუბროდ ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხდი. სხვადასხვა გამოწვევები და საჭიროებები შევისწავლე და შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო რესურსები არ არის საკმრისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად; სწორედ ამიტომ არის საჭირო სხვა რესურსების მობილიზება და კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც საერთაშორისო დახმერების გზით, სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამას საჯარო და კერძო სექტორებს პარტნიორობის გზითაც ვხედავ, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება.

ჩემთვის დიდი პატივია ამ რანგში საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ვემსახურო. ეს არის საქართველოს და ევროკავშირის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა და ამ მისიას სერიოზულად მივუდგები“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.