მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება" - თურნავა სვანეთში მაინინგზე

61dbfeeb10e79
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 13:54
672
“მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები,” - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ BMG-ის კითხვაზე პასუხისას. მისი თქმით, სვანეთის მოსახლეობამ კარგად იცის, რომ რეგიონისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა ტურიზმის სექტორს აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის განვითარებას მაინინგის გამო არ შეექმნას საფრთხე.

მინისტრი მკაფიოდ არ ამბობს რა გადაწყვეტას იპოვის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის უფასო მოხმარებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამის თაობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან და “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” ერთად მუშაობა მიმდინარეობს.

“სვანეთი დღეს არის გამორჩეული ტურისტული არეალი, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რათა უნიკალური ბუნება, არქიტექტურა და კულტურა ნახონ, ასევე დაისვენონ ზამთრის კურორტებზე. ჩვენ ვხარჯავთ თანხებს ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაგიროს აშენებაზე, დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთის მოსახლეობა კარგად ხვდება, რომ მთავარი პერსპექტივა და მთავარი განვითარების გეზი სვანეთისთვის ეს არის ტურიზმი და მათ შორის ზამთრის ტურიზმი. აქედან გამომდინარე, არაფერი გაკეთდება მათი მხრიდან, რაც კითხვის ქვეშ დააყენებს გამართულ ტურისტულ სეზონს. მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ჩვენ ვიცით, რომ იქ არსებობს.

ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ასევე “ენერგო-პროსთან” ერთად, რათა ეს საკითხი გადაიჭრას. ამ ეტაპზე სამართალდამცავების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ვხედავთ, რომ აბსოლუტურად შეგნებულად უდგება მოსახლეობა, ყველამ კარგად იცის, რომ მთავარია, გამართულად მუშაობდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც პირველ რიგში სვანეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, საერთო კოორდინაციით ეს საკითხი გადაწყდება. დაწყებული იყო კიდევაც ეტაპობრივი გამრიცხველიანება იქ სადაც მრიცხველები არ იდგა, მათ შორის კომუნალური მრიცხველები, ეს პროცესი გაგრძელდება და მთავარი მოკავშირე ამ პროცესში, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს თავად მოსახლეობა, რათა გადაჭარბებული და უკონტროლო მოხმარების შედეგად არ მოხდეს რაიმე შეფერხებები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მესტიის რაიონში მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, თუმცა სხვა მაღალმთიანი რეგიონებისგან განსხვავებით,  “უფასო დენის” მიწოდება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ რეგიონის გამრიცხველიანება ვერ მოხერხდა და მოქალაქეები დენს "ენერგო პრო ჯორჯიას" ზარალის ხარჯზე იღებენ უფასოდ. ამას ამწვავებს მაინინგის ბუმიც, რის გამოც ადგილზე ქსელები გადაიტვირთა, რასაც გათიშვები და გადამცემი ინფრასტრუქტურის დაზიანებაც მოჰყვა.

2021 წლის 30 დეკემბერს მესტიაში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა პირობა დადეს, რომ მაინერებს გამორთავენ, თუმცა “ენერგო-პროს” ინფორმაციით, ამის შემდეგ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა.