მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ "ნამახვანჰესის" ინვესტორმა დატოვოს პროექტი"

60531de2a4df1
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 13:39
748
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით კვლევების გადამოწმების პროცესში ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთვება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაპაუზებულ ენერგოპროექტებთან მიმართებაში მთავრობის მიდგომასა და მდგომარეობიდან გამოსავლის გზების ძიებას შეეხებოდა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი კომპლექსური საკითხია და მსხვილი და მცირე ჰესების შემთხვევაში გარკვეული პრობლემებიც არსებობს.

„ჩვენ გვხვდება გარკვეული პრობლემები, გნებავთ გარემოს დაცვის, გნებავთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას. ისიც მართალია, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გაუსწრო ადგილობრივი ენერგორესურსების განვითარებას, ეს დიდი პრობლემაა. ეს სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. ერთ-ერთი მიმართულება არის მსხვილი პროექტების განვითარება, მათ შორის ნამახვანჰესის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფოს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს, მინისტრმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს მათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარუდგინეს და მათი მხრიდან რადიკალური მოთხოვნები მთავრობისთვის მიუღებელია.

„გეგმა მოიცავს პირველ რიგში ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას. ამისთვის ვთქვით, რომ კაშხლის მშენებლობა ამ ეტაპზე არ დაიწყება, რაზეც შევთანხმდით ინვესტორთან. ყველა დაინტერესებული ექსპერტი შეძლებს მონაწილეობას ძირითადი კვლევების გადამოწმებაში იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, რომ ეს კვლევები ხარისხიანად არის შესრულებული და თუ რაიმეა დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს.

მეორე, ჩვენ ვთქვით, რომ უნდა შეიქმნას მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო, რომელშიც შეგვიძლია ქართველი ექსპერტები ჩავრთოთ და ისინი მიადევნებენ თვალს მშენებლობის პროცესს. ასევე ვთქვით, რომ ამ პროექტმა იმისთვის, რომ არამარტო ეკონომიკას და ენერგეტიკას, არამედ რიონის ხეობასაც მოუტანოს სიკეთე, შეიქმნება 5 მლნ ლარის ოდენობით რიონის განვითარების ფონდი, რომელიც ხეობის ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს და ამ პროექტებისა და ფონდის მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას ამ გეგმის ფარგლებში.

რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ ინვესტორმა დატოვოს პროექტი და ის ჩაიშალოს. ჩვენ ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით. 4 პუნქტიანი გეგმის ნაწილში ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.