11.იანვარი .2020 18:40

"მიზეზების ძებნის მაგივრად, საქმეს მიხედონ", - კალაძის შემდეგ კონტრაქტორ კომპანიებს მისი მოადგილე აფრთხილებს

views 824
უკან

"არ ვაპირებთ ვიყოთ ისეთ რეჟიმში, რომ როცა ხასიათზე და სურვილზე იქნება კომპანია, მაშინ დაამთავროს ვალდებულებები", - ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა, კიკვიძის ბაღის გაჭიანურებულ სარებილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განუცხადა. ამ კომენტარის გაკეთებამდე კი ბენდელიანმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანია "ინშაათ საქართველოსთან", გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში, ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებაც განაცხადა.

"როდესაც საპროექტო კომპანია პროექტს აკეთებს, ამ დროს ქაღალდებთან მიდის მუშაობა, ხოლო როცა ეს ყველაფერი ფიზიკურ სამუშაოებში უნდა გამოისახოს და განხორციელდეს, ბუნებრივია, კანონმდებლობაც უშვებს შესაძლებლობას, რომ გარკვეული სახის ცვლილებები განხორციელდეს. მე კონკრეტულად კიკვიძის ბაღის პროექტზეც ვსაუბრობ და სხვა ნებისმიერზეც, სადაც ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს.

რაც შეეხება თვითონ ამ კონტრაქტორს, მიზეზების ძებნის მაგივრად, საქმეს რომ მიხედონ და უფრო დროზე დაამთავრონ ვალდებულება, უკეთესი იქნება. როგორც ამ კომპანიასთან, ისე სხვა კომპანიებთანაც არ ვაპირებთ ვიყოთ ისეთ რეჟიმში, რომ როცა ხასიათზე და სურვილზე იქნება კომპანია, მაშინ დაამთავროს ვალდებულებები", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.

თავის მხრივ, სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებზე BM.GE-სთან "ინშაათ საქართველოს" ხელმძღავანელმა შოთა ბაღათურიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი მუნიციპალიტეტის მხრიდან პროექტში შეტანილი ცვლილებებია, რომლის შესრულებასაც უფრო მეტი დრო დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, რომლის დასრულებაც, ხელშეკრულების მიხედვით, 225 დღეში იგეგმებოდა. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და მისი დასრულება 2019 წლის 30 ნოემბრამდე გადავადდა. კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციაში კი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 4.9 მილიონ ლარს ხარჯავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა