მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მკისა" ნუშის ბაღების 1 500 ჰა-მდე გაფართოებას გეგმავს

646a013908eaf
მარიამ იზორია
21.05.23 17:50
1717
კომპანია „მკისა“, რომელიც ბოლნისში, 40 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებს ფლობს, წელს პირველ მოსავალს აიღებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიგი გაჩეჩილაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ ეს მთლიანი მოსავლის დაახლოებთ 30% იქნება, რაც 20 ტონამდე ნაჭუჭიან ნუშს უტოლდება. გიგი გაჩეჩილაძე სარეალიზაციო ბაზრებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საექსპორტო მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.

„პირველი მოსავალი მთლიანი მოსავლის 30% იქნება. საუბარია დაახლოებით 18-20 ტონა ნაჭუჭიან ნუშზე. საქართველოს ბაზარი პატარაა და მოხმარება მცირეა, შესაბამისად, ჩვენი გაყიდვების სტრატეგია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, რომ იყოს მიბმული დიდი ბარიერი იქნებოდა. უკვე დავიწყებთ პირველად რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, სადაც მოლაპარაკებებიც უკვე გვაქვს, მათ შორის გალფის ქვეყნებში, ევროპაში, რეგიონში - აზერბაიჯანსა და სომხეთში. მათ პირველად, საცდელ ნუშს მივაწვდით“, - აღნიშნავს „მკისას“ აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება კომპანიის გრძელვადიან და უახლოეს გეგმებს, „მკისას“ დირექტორი ამბობს, რომ კომპანია ნუშის ბაღების გაფართოებას დაიწყებს.

„განვითარების 10 წლიანი გეგმა შევიმუშავეთ, რა თქმა უნდა, პროცესში ამის კორექტირება მოხდება, თუმცა ჩვენი გეგმაა 1 500 ჰა ნუშის ბაღამდე ავიდეთ. კომპლექსურად კი გვსურს საქართველო მსოფლიო რუკაზე ნუშის მწარმოებელ ქვეყნად დავიტანოთ.

უახლოეს მომავალში ბოლნისში ნუშის ბაღს დამატებით 60 ჰექტარზე გავაშენებთ“ - ამბობს ის.