მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანი იქნება, თუ საჯარო რეესტრი სტატისტიკას გამოაქვეყნებს, კომპანიები საკანონმდებლო სიახლეებზე რამდენად რეაგირებენ“

64174e1b89d20
ნანუკა ნარიმანიძე
20.03.23 09:00
786
2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ბიზნესსამართალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა, მათ შორის უმთავრესი განახლებული "მეწარმეთა შესახებ კანონი" იყო, რომელიც პარლამენტმა გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა. განახლებული კანონის მიღება ევროკავშირში მოქმედ ნორმებთან ჰარმონიზებით იყო განპირობებული.

„ლოიალტეს“ მთავარმა იურისტმა ნინო ერაძემ რეფორმის ეფექტიანობა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ შეაფასა. მისი თქმით, კანონი ბიზნესს საშუალებას აძლევს, სამეწარმეო საქმიანობა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დაარეგულიროს. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ეს არის შესაძლებლობა, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის სამართალს.

„კანონი დისპოზიციურია, ის ემსახურება იმ იდეას, რომ ბიზნესს კანონთან მორგება შეეძლოს, შესაბამისად, დღევანდელი რედაქციით, კანონი იცავს შუალედს და ბიზნეს აძლევს თავისუფლებას და საშუალებას, მისი ინტერესებიდან გამომდინარე დაარეგულიროს თავისი სამეწარმეო საქმიანობა. ევროკავშირის სამართალთან დაახლოება პირდაპირ ნიშნავს ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, რაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მომენტალურად აისახება. ასევე ამ კანონმდებლობის ძირითადი მიზანია დავების რაოდენობის შემცირება, თუ ძველი რედაქციით სასამართლოს უწევდა გარკვეულ ნორმებზე განმარტებების გაკეთება, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და ა.შ., ახლა კანონმდებლობამ ბიზნეს სუბიექტებს მისცა საშუალება კანონის ფარგლებში დაარეგულირონ ეს საკითხები და სასამართლოსთან მიმართვა აღარ იყოს საჭირო“ ,- თქვა მან.

ნინო ერაძემ მეწარმეთა კანონზე საუბრისას ხაზი გაუსვა საჯარო რეესტრის როლს კონკრეტულ პროცესში.

„ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს საჯარო რეესტრს, რადგან ,რეალურად, მარეგისტრირებელი ორგანო არის ამ კანონის ერთ-ერთი ამსრულებელი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ საჯარო რეესტრი გამოაქვეყნებს სტატისტიკას, თუ რამდენად რეაგირებენ კომპანიები საკანონმდებლო სიახლეებზე, რამდენად მოხდა კანონთან შესაბამისობა და ა.შ., ციფრებად გამოხატული ასეთი სტატისტიკა უფრო უბიძგებს ბიზნესსაც და სექტორს მაქსიმალურად სწრაფად მოერგონ საკანონმდებლო სიახლეებს“, - განმარტა მან.

ამასთან, მთავარი იურისტი აღნიშნავს, რომ კანონი დახვეწილია, მაგრამ, გამოიკვეთა ხარვეზებიც,რომელზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო: „ხარვეზებზე მუშაობს შესაბამისი სარედაქციო ჯგუფი, რეკომენდაციები სწრაფად უნდა იქნეს წარდგენილი პარლამენტში, რათა განიხილონ და აღმოფხვრან ის პრობლემები, რომელმაც კანონში თავი იჩინა“.

წარმოგიდგენთ 21 მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც "მეწარმეთა შესახებ კანონში"ამოქმედდა.