02.სექტემბერი .2019 23:00

"მოემზადე Brexit-ისთვის" - ბრიტანეთის ხელისუფლების საინფორმაციო კამპანია

views 274
უკან

"მოემზადე Brexit-ისთვის" - ამ სახელწოდებით დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებამ Brexit-ის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

BBC-ის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოება 31 ოქტობერს ევროკავშირის დატოვებისთვის მოამზადოს, ვებ-გვერდი gov.uk/brexit უკვე ამოქმედდა, უახლოეს პერიოდში კი ბილბორდები და სოციალურ მედიაში სარეკლამო ბანერები გამოჩნდება.

ვარაუდობენ, რომ საინფორმაციო კამპანია მთლიანობაში 100 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაჯდება.

კამპანია მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპაში მოგზაურობას აპირებენ, ან ბიზნესებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს აწარმოებენ, „ბრექსითთან“ დაკავშირებული რჩევების მისაღებად მთავრობის ვებ-გვერდს ეწვიონ.

ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირის დატოვებისათვის თანხმობის გარეშე ემზადება. ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა, პარლამენტისთვის დროებით საქმიანობის შეჩერების შესახებ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, ბრიტანეთის პარლამენტი დროებით მუშაობას 12 სექტემბერს შეაჩერებს, 14 ოქტომბერს კი ისევ განაახლებს.

ამ ნაბიჯით გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს 31 ოქტომბერს დაგეგმილ ბრექსიტთან დაკავშირებით, პარლამენტარების ბლოკადის შეჩერება სურს.
კერძოდ, როგორც BBC იუწყება, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნებული პარლამენტარები ვერ მოასწრებენ კანონის მიღებას, რომელიც მთავრობას 31 ოქტომბერს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებაში ხელს შეუშლის.