21.ოქტომბერი .2019 11:15

"მოგების გადასახადის რეფორმის სადაზღვევოებზე გავრცელება გაყინულია" – ბიზნესის კითხვები პრემიერს

views 500
უკან

ბიზნეს–ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ თავმჯდოამრის ნინო კობახიძის განცხადებით, იგი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, მოგების გადასახადის რეფორმის სადაზღვევო ინდუსტრიაზე გავრცელების საკითხს დააყენებს.

„ინდუსტრიულ პრობლემებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებით მინდა, ძალიან დიდი ხნით გაჩერებული და გაყინული მოგების გადასახადის თემასთან დაკავშირებით დავსვა საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთ პრემიერს შევხვდით და წარვადგინეთ, რომ ეს არანაირად არ აზიანებს სახელმწიფო ბიუჯეტს, პირიქით, უფრო კომფორტულია ბიზნესის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, გაჭედილია ეს თემა. დარწმუნებული ვარ, დღეს დროს მაინც გავიგებთ, ან იმას, რომ ეს საკითხი არ დაიძრება და ჩვენც მოვემზადებით ბიზნესი იმისთვის, რომ დამატებითი სახსრები მოვიძიოთ და განვახორციელოთ ჩვენი ბიზნესი“, – განაცხადა ნინო კობახიძემ.

გარდა ამისა, ქალთა ფედერაციას პრემიერთან ბიზნესგარემოზე სურს საუბარი.

„ყველა სექტორისთვის უმთავრესი თემაა პროგნოზირებადი გარემო, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს არაერთი მუხლი საჭიროებს და ამასთან დაკავშირებით გვექნება ინიციატივები დაყენებული.

გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები გვაინტერესებს, როგორ და რა პერიოდულობით გაგრძელდება. ასევე, გვაინტერესებს სახელმწიფო შესყიდვების კანონი როგორ გადაკვალიფიცირდება რეალურად, რომ ქართული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში შევიდნენ.

აუცილებლად დავაყენებთ საკითხს ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში. ჩვენ სხვადასხვა კომპანიებით შევდივართ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში და გვაინტერესებს, რა აქვს სახელმწიფოს გათვლილი, როგორ გაგრძელდება საყოველთაო დაზღვევა, რამდენად არის კერძო სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორების ჩართულობა. ჩვენ მომზადებული გვაქვს არა მხოლოდ პრობლემები, არამედ მზად ვართ, პრობლემების გადაჭრის გზებზეც ვისაუბროთ“, – აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა