მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება...ინფიცირების მიმდინარეობა საყურადღებოა“

60ed47d373144
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.21 12:24
820
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოვიდ-ინფექციის სამართავად მობილიზებული 200 პედიატრიული საწოლი გადატვირთულია და ამ კუთხით დამატებითი საწოლების მობილიზება აუცილებელი გახდა.

„გასული 2-3 დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებულია 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომლებიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია და დამატებითი საწოლების მობილიზება მოგვიხდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვას - რამდენად რთულად მიმდინარეობს ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში, მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა:

„ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების მიმდინარეობა საყურადღებოა, რადგან, დაახლოებით, 200 საწოლი, რომელიც თბილისში იყო სრულად შეივსო. გასული ერთი კვირის განმავლობაში საჭირო გახდა ბავშვების ჰოსპიტალიზაცია. ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით დელტა შტამის 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რისკები იმის, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“.

მინისტრის მოადგილე მდგომარეობის დამძიმების თავიდან აცილების გზად ვაქცინირებას ხედავს და აცხადებს, რომ ორჯერ აცრილი მოქალაქეების ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

„ჩვენი მონაცემებით, ვაქცინირებულებში ინფექცია 0.3%-ში განვითარდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ისმის კითხვები - რა მნიშვნელობა აქვს აცრას, თუ ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფექციისგან არც ერთი ვაქცინა, მათ შორის არც „ფაიზერი“, „მოდერნა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ არ გვიცავს, ინფიცირება შეიძლება დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში; „ფაიზერის“ შემთხვევაში ეს არის 10%-ზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 15-20%, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა და ეს ყველაზე დიდი დაცვაა“,- განმარტავს თამარ გაბუნია. .