მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოლაპარაკებებს ირლანდიაში ვაწარმოებთ, რუსეთის ბაზარზე შესვლა არ გვინდა" - "უშაროს" გეგმები

620f9a9bead0c
მარიამ იზორია
19.02.22 00:14
5863
„უშაროს“ ხელნაკეთი ჩაი ექსპორტზე ირლანდიაში გავა. წარმოების დამფუძნებელი გიორგი სეხნიაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებების პროცესში არიან. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოების პირველი საექსპორტო ბაზარი არ არის. „უშარომ“ 300 შეფუთვამდე ჩაი ლონდონში უკვე გაყიდა.

„ექსპორტს პერიოდულად ლონდონში ვახორციელებთ, თუმცა წარმოების სიმცირიდან გამომდინარე, დიდ რაოდენობებს არ ვგზავნით. ახლა ირლანდიაში გვაქვს მოლაპარაკებები. უდიდესი მოთხოვნაა რუსეთიდან, თუმცა ამ ბაზარზე პრინციპულად არ შევდივართ - ასეთი პოლიტიკა გვაქვს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ზამთრის სეზონზე დიდი მოთხოვნაა. გაზაფხულზე - მცირდება. შემოსავლების კუთხით რთულია თქვა რა მოცულობაზე გავდივართ, თუმცა თვიურად დაახლოებით 2000 ლარის ჩაის ვყიდით“, - აღნიშნავს „უშაროს“ დამფუძნებელი.

მეწარმე ექსპორტის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე კვლევებია საჭირო, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მცირე წარმოებები ამას ვერ უმკლავდება.

ცნობისთვის: თუშეთის მცირე საოჯახო წარმოება „უშარო“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. „უშაროს“ ასორტიმენტი 5 სახეობის ჩაის, სამი სახეობის მურაბასა და სანელებლებს აერთიანებს. ბრენდირებული ჩაის ფასი 10 ლარია. აღსანიშნავია, რომ „უშარო“ თუშეთში აგროკაფესაც ფლობს, სადაც სტუმრებს, ჩაის, მურაბებისა და სანელებლების დეგუსტაციას სთავაზობენ.