24.ნოემბერი .2022 19:55

"მოლოდინია, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები $3 მილიარდს გადააჭარბებს"

"მოლოდინია, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები $3 მილიარდს გადააჭარბებს"
views 617
უკან

"პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100%-ით აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც მოლოდინის საფუძველს გვაძლევს, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები $3 მლრდს გადააჭარბებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით ამ მაჩვენებლებს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

ღონისძიებაზე, რომელიც მაროკოს სამეფოში იმართება, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკვანძო საკითხები და ყველაზე აქტუალური თემები განიხილება. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პლატფორმაა, საქართველო საბჭოს წევრია 2021-2025 წლებში.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ პროგრესზე სასაუბროდ, რომელსაც წევრმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში მიაღწიეს. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს და ემსახურება საერთო მიზნების ეფექტიან განხორციელებას. მისი თქმით, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილისა და ორგანიზაციის გუნდის უწყვეტმა მხარდაჭერამ, ახალმა ინიციატივებმა და პროგრამებმა უშუალო ზეგავლენა იქონიეს ტურიზმის აღდგენაზე საერთაშორისო მასშტაბით.

„მსურს, გამოვეხმაურო გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და დავადასტურო საქართველოს მზაობა, ჩაერთოს ტურიზმის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის კუთხით ერთობლივ აქტივობებში. მტკიცედ გვჯერა, რომ შესაბამისი განათლებაა ის ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს სექტორის მდგრად განვითარებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა