მომავალ 5 წელიწადში ჩვენ ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მლრდ ლარს დახარჯავს.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეს ყველაფერი უნდა ვქნათ ერთად. უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. შემდგომი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურაში მინიმუმ 20 მლრდ ლარს დახარჯავს, ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის თბილისშიც“, - განაცხადა გახარიამ.