მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელს მედიკამენტის შეძენა მანქანიდან გადმოუსვლელად შეუძლია" - თბილისში Drive thru აფთიაქი გაიხსნა

629f67debd98d
მარიამ იზორია
07.06.22 23:00
2805
თბილისში, შეშელიძის 11 ნომერში, პირველი Drive thru აფთიაქი “Dr. Drive “გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს მანქანიდან გადმოსვლის გარეშე მედიკამენტების შეძენის საშუალებას აძლევს.

როგორც bm.ge-ს Dr.Drive-ს დამფუძნებელმა გიორგი გოგეშვილმა განუცხადა, Dr. Drive-ის პირველი საპილოტე ობიექტი მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, პროექტში 150 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც აფთიაქში ვიზიტისას მანქანის დაპარკინგებისთვის ადგილის ძიება მომიწია. დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება იყოს ასეთი მომსახურება, როცა საჭიროა. იდეა მეუღლეს გავუზიარე და ერთ წელში ობიექტიც გავხსენით.

ეს არის ჩვეულებრივი მეორე ჯგუფის აფთიაქი, იმ განსხვავებით რომ მომხმარებელს აფთიაქში შესვლა, რიგში დგომა, მედიკამენტის სხვა ადამიანების თანდასწრებით შეძენა არ უწევს. აქ ყველაფერი მარტივად არის, მომხმარებელი მანქანიდან გადმოუსვლელად ეუბნება ოპერატორს მედიკამენტის დასახელებას, შემდგომ სხვა ფანჯარასთან გადადის და ფარმაცევტი მას შენაძენს აწვდის. ჩვენი მოტივაცია იყო ის, რომ ჩვენ როგორც მომხმარებელს აფთიაქში, რაც არ მოგვწონდა, ის გამოგვესწორებინა. მაგალითად, როდესაც წყალში გასახსნელ მედიკამენტს ყიდულობ, ჩვეულებრივ აფთიაქებში წყალს და ჩხირს არავინ გაძლევს, ჩვენთან ეს გამოვასწორეთ. ამასთან, როდესაც ჩვენთან ყოველი მესამე მანქანა გაჩერდება თანამშრომელი არკვევს თუ რისი შეძენა უნდათ, რადგან იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტი არ გვაქვს, მას რიგში დგომა უმიზეზოდ არ მოუწიოს“, - ამბობს გიორგი გოგეშვილი.

სტარტაპის დამფუძნებელი გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, სამომავლოდ გაფართოებისთვის დაახლოებით 25 ლოკაცია აქვთ შერჩეული, მათ შორის რეგიონები.

„ამ ეტაპზე უკვე რამდენიმე ობიექტი მზად გვაქვს, თუმცა ჯერ პირველ ობიექტს საკმაოდ კრიტიკულად ვაკვირდებით, მჭიდრო კავშირი გვაქვს მომხმარებელთან, რათა ვიცოდეთ რა მიმართულებით განვვითარდეთ“ - განმარტავს ის.