მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომზადდა 2 მლნ-იანი საგრანტო განაცხადი, მისი მიღების შემთხვევაში რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვილობა გაძლიერდება"

6051f6c1dbf7c
ინგა მურუსიძე
17.03.21 21:45
841
"იაპონიის საელჩოსა და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობით, მომზადდა საგრანტო განაცხადი/საჭიროებების კვლევა 2-მილიონიან პროექტთან დაკავშირებით, აღნიშნული გრანტის მიღების შემთხვევაში მოგვეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობის გაძლიერების შესაძლებლობა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა.

მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობასა და საელჩოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის. მინდა გამოვყო იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია COVID-19-ზე რეაგირების პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, პერსონალური დაცვის საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც დეფიბრილატორებისა (110 ერთეული) და ელექტროკარდიოგრაფების (155 ერთეული) შეძენას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების ცენტრს მაღალი გამავლობის 4 რეანიმობილი გადასცა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.