მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მონტი" - პანდემიის დროს დაფუძნებული მამაკაცის ხაზის პირველი ქართული ბრენდი

5f873cd79fcbc
მადონა გასანოვა
14.10.20 23:00
1483
გლობალური პანდემიის გამო, ცნობილი ტანსაცმლის მაღაზიების მიერ ქართული ბაზრის დატოვების ალბათობა და ჩაკეტილი საზღვრები, რაც გავლენას ახდენდა იმპორტზე, მოტივაციად იქცა მამაკაცის ხაზის პირველი ქართული ბრენდის - "მონტის" - დაფუძნებისთვის.

„ორი წლის წინ დავაფუძნე ტყავის აქსესუარების მაღაზია „გრანსი“, სადაც მამაკაცებს ვთავაზობთ ქამრებს, საფულეებსა და ჩანთებს. ყოველთვის მსურდა მამაკაცის ხაზის ბოლომდე განვითარება და მათთვის სრული ასორტიმენტის შეთავაზება. გლობალურმა პანდემიამ დააჩქარა ჩემი ბიზნეს-იდეის განხორციელება, რადგან ვხვდებოდი, რომ ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო და ასევე, სხვადასხვა ბრენდის მიერ ჩვენი ბაზრის დატოვებით, რისი ჩანაცვლების საჭიროებაც გაჩნდებოდა,“ - განაცხადა „მონტი“-ს დამფუძნებელმა, თენგო ყაზიშვილმა.

„მონტი“-ს სტილის ავტორი ყაზიშვილი თავადაა. მისი თქმით, ზოგადად, საქართველოში მამაკაცის ხაზის სამოსი აუთვისებელია და სხვადასხვა სადემონსტრაციო მაღაზიაში შესვლისას მამაკაცების ხაზიდან მხოლოდ „ჰუდებს“ სთავაზობდნენ, ერთსქესიანი ხაზიდან.

„ცალსახა იყო თავისუფალი ნიშა. ამასთან, ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყოველთვის მსურდა, რომ მათ ჩემი ბრენდის სამოსი სცმოდათ,“ - ამბობს „მონტი“-ს დამფუძნებელი.

საწყის ეტაპზე კომპანიაში 10, 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. შემდეგ მოხდა შემოსავლის რეინვესტირება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „მონტი“ იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვინც ყოველდღიურობაში დახვეწილ სტილს ირჩევს.

„მონტი“-ს კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფასები და ბრენდის სტილია. „ამასთან, ჩვენი კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოდის და აღარ მეორდება, რაც ასევე დიდ უპირატესობას წარმოადგენს,“ - ამბობს ყაზიშვილი.

„მონტი“-ს კოლექცია ამჟამად თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ სადემონსტრაციო მაღაზიაშია წარმოდგენილი. კომპანია მალე გეგმავს საკუთარი, ბრენდირებული მაღაზიის გახსნას. „ასევე, გაზაფხულის კოლექციაში ვაპირებთ ქალის ხაზის დამატებასაც და 2021 წლიდან ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას,“ - განაცხადა თენგო ყაზიშვილმა BM.GE-თან საუბრისას.